მთავარი,სიახლეები

მინდა, მზია ამაღლობელს ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა – გახარია

17.02.2025
მინდა, მზია ამაღლობელს ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება და ამიტომ სთხოვს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.

„დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.

მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან.

მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება. ამიტომ, მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა მას ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა“, – წერს გახარია Facebook-ზე.

მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.

დღეს, 17 თებერვალს, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართა.

„[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი”, – უთხრა ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ პაციენტის მონახულების შემდეგ.

15 თებერვალს ასევე გავრცელდა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის შეფასება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი დიდია.

ექიმების განცხადებით, ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: