უფლებადამცველებს ამ დრომდე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია 11-12 იანვრის აქციებზე სულ რამდენი პირი დააკავა ბათუმში პოლიციამ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს 12 დაკავებულის შესახებ, აქედან 11 პირს – ადმინისტრაციული წესით, ერთს კი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
დაკავებულებს შორის ხუთი ქალია, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და 7 კაცი.
სისხლის სამართლის წესით დაკავებულია „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. ის ჯერ 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით, სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, გათავისუფლებიდან მოკლე დროში კი, უკვე 12 იანვარს, ის პოლიციის სამმართველოსთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
დაკავებულებს შორის არიან სტუდენტი მათე ცენტერაძე, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ვაჟა დარჩია – ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“.
ასევე, დაკავებულებს შორისაა თემურ ქათამაძე, მუჰაჯირების შთამომავალი, რომელსაც ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს უწოდებენ.
თამარ წულუკიძის ინფორმაციით, 11 დაკავებულს პოლიცია ედავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„ბათუმელებთან“ საუბარში თამარ წულუკიძე ხაზს უსვამს, რომ გასარკვევია რამდენად კანონიერ მოთხოვნასთან გვქონდა საქმე:
„გვქონია შემთხვევები, როცა მოთხოვნა კანონიერი არ იყო. ამდენად, უკანონო მოთხოვნისადმი დამორჩილების ვალდებულება მოქალაქეებს არ ჰქონდათ. ველოდებით, როდის მოხდება სასამართლოსთვის საქმის მასალების გადაცემა“.
საიას ინფორმაციით, 12 დაკავებულიდან ნაწილი, ქალები, 11 იანვარს ღამით გაათავისუფლეს ხელწერილით, სხვა დაკავებულები კი ოზურგეთის იზოლატორში გადაიყვანეს. ასევე, ნაწილი არის ბათუმის იზოლატორში.
თაკო წულიკიძე ვარაუდობს, რომ დაკავებულებს იზოლატორში, დიდი ალბათობით, 48 საათს გააჩერებენ:
„კანონით გათვალისწინებულია 24 საათი, მაგრამ როგორც წესი 24 საათს ამატებენ, თითქოს მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, მაგრამ რეალურად არაფერს არ აგროვებენ და ფორმალურად ტოვებენ ამ ადამიანებს იზოლატორში. იმედი გვაქვს, რომ ორშაბათს უკვე გადაეცემა საქმის მასალები სასამართლოს და გავიგებთ უკვე დეტალურად, რას ედავებიან და რა მტკიცებულებებია, რა დეტალებზეა არის საუბარი“.
თამარ წულუკიძის თქმით, ადვოკატებს არ მიეცათ დაკავებულების დროულად ნახვის შესაძლებლობა, მზია ამაღლობელთან შეხვედრას კი 3 საათის განმავლობაში ელოდნენ.
„ყველას ნახვის შესაძლებლობა არ მოგვეცა, იმიტომ, რომ ძალიან გაიწელა პროცესი, შეშვების ნაწილი იყო ძალიან რთული, ასე არ გაწელილა არცერთ შემთხვევაში, ყველასთან მიმართებით საათი ან ნახევარი საათი მაინც ველოდებოდით, რომ შევსულიყავით.
ბოლო ორი დაკავებული, გიორგი გაბაიძე და ლაშა გაბაიძე, როდესაც დააკავეს და შესვლა გადავწყვიტეთ, გავიგეთ, რომ ისინი უკვე გადაყვანილი ჰყავდათ იზოლატორში და ფიზიკურად არ გვქონდა საშუალება, რომ გვენახა.
მზია ამაღლობელის შემთხვევაში 3 საათი ველოდებოდით და ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, ამით ცალსახად შეიზღუდა მისი უფლება, რომ ესარგებლა ადვოკატის დახმარებით.
თითქმის ყველაზე გვაქვს ინფორმაცია, თუმცაღა ოზურგეთში მოინახულებენ ამ ადამიანებს იზოლატორში და გვეცოდინება ზუსტი რაოდენობა, რამდენი ჰყავთ იქ გადაყვანილი. ყოველთვის არის ეს პრობლემა, არ გვაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას, ამიტომ იძულებულები ვართ, რომ ყველა იზოლატორში ცალ-ცალკე მივიდეთ და იქ გავარკვიოთ ჰყავთ თუ არა კონკრეტული ადამიანები დაკავებული.
აქ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, რომ ადვოკატს მიაწოდონ ინფორმაცია, არამედ ის რომ ადვოკატებმა იცოდნენ სად ჰყავთ მათი ახლობლები გადაყვანილი. თუმცა ამას სასამართლოში მისვლამდე ვერ არკვევენ ხშირად. ამიტომ უმჯობესია, რომ დაკავებისას ამ ადამიანებმა გააჟღერონ მათი სახელი და გვარი, რომ ირგვლივ მყოფებმა გაიგონონ.“
კითხვაზე, რა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ პოლიციელების მოთხოვნა უკანონო იყო, რაც შემდეგ დაკავებების საფუძველი გახდა, თამარ წულუკიძე განმარტავს:
„როგორც დაკავებულები ჰყვებიან, აბსოლუტურად კანონიერად იმყოფებოდნენ სამმართველოს ტერიტორიაზე, შესასვლელთან. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სამმართველოს აქვს ალტერნატიული შესასვლელი და დამატებით შეეძლო ამ შესასვლელით ესარგებლა. არ მომხდარა შესასვლელის ბლოკირება და მეორე – სტიკერის დამაგრება ან აქციაზე დგომა არ ითვლება გამოხატვის ფარგლებს გარეთ საქმიანობად, ითვლება გამოხატვის ფარგლებს შიგნით მოქმედებად. ამდენად ვერ ჩაითვლება შემთხვევა, როცა სტიკერს აწებებს ადამიანი, მაგალითად ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ ის უბრალოდ იდგა აქციაზე, საუბრობდა და წაიყვანეს. სტიკერის გაკვრაც კი არ ყოფილა, დგომა გახდა საფუძველი, რომ ეს ადამიანი გადაეყვანათ სამმართველოში. არაფრის გამო ადამიანის დაკავება კანონიერად ვერ ჩაითვლება.
მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა მოუწოდეს, რომელი უკანონო ქმედება დააფიქსირეს მათ. მუხლი გულისხმობს უკანონო ქმედების აღკვეთის შემთხვევას და რეალურად მსგავსი რამ არ ყოფილა. შესაბამისად, მოთხოვნაც კანონიერად ვერ ჩაითვლება და ეს მუხლიც არარელევანტური გვგონია. ეს ინფორმაცია სამმართველოსგან გვაქვს, ჩვენ არ ჩაგვბარებია მასალები. შინაარსს არ გავცნობილვართ და ამიტომ მნიშვნელოვანია ოქმში რა უწერიათ, პატაკში რა უწერიათ რაზე საუბრობენ. მასალები რომ გადმოგვეცემა, შემდეგ შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ ამაზე“ – გამარტავს თამარ წულუკიძე.
- რა ხდება?
11 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო ერთი აქტივისტი, თათია აბულაძე დააკავეს. ამის შემდეგ პროევროპული პროტესტის მონაწილეები მარშით დაიძრნენ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ.
სამმართველოსთან მისვლის შემდეგ აქტივისტმა ციალა ქათამიძემ იგივე შინაარსის საპროტესტო პლაკატი სამმართველოს შესასვლელ ჭიშკართან, ასფალტზე გააკრა.
ციალა ქათამიძე პლაკატის გაკვრის გამო დააკავა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
ციალა ქათამიძის დაკავებიდან რამდენიმე წამში, კითხვის დასმის გამო, თუ რატომ დააკავეს ციალა ქათამიძე, პოლიციამ დააკავა ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოს“ წევრი.
ორი აქტივისტის დაკავებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად სურდა პლაკატის გაკვრა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათემ პლაკატის გაკვრა ვერ მოასწრო, ისე დააკავეს.
სამი აქტივისტის დაკავების შემდეგ პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო. ხალხის სიღრმეში დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე, თვითმხილველთა თქმით, ისინი უბრალოდ აქციაზე იდგნენ.
კითხვის დასმის გამო დააკავეს არასრულწლოვანი ნინი შავაძე, რუსეთზე კითხვის დასმის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები: თეო ბერიძე და მალხაზ ირემაძე. ეს უკანასკნელი ეკითხებოდა პოლიციელებს, თუ რატომ დააკავეს პლაკატების გაკვრის გამო ადამიანები.






