მთავარი,სიახლეები

„კოლეგების მოწვევით ვიყავი“ – ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი საქართველოში ვიზიტზე

16.12.2024
„კოლეგების მოწვევით ვიყავი“ – ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი საქართველოში ვიზიტზე

საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, ალექსეი ლობარევი.

საქართველოში ყოფნის დამადასტურებელ ქართველ პოლიციელებთან გადაღებულ ფოტოებს ფეისბუქზე თავად ლობარევი აქვეყნებს და წერს, რომ თბილისში „კოლეგების მოწვევით“ იყო ჩამოსული, რათა ადგილზე გასცნობოდა „თბილისში უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი საპროტესტო აქციების მიერ გამოწვეულ ვითარებას“.

ლობარევი ცალსახად „ქართული ოცნების“ პოზიციას იზიარებს და წერს, რომ თითქოს „ქართველების უმრავლესობას ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს აქციის მონაწილეების მიმართ“. ის ბოევიკებს უწოდებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს და ასევე ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მოქალაქეებმა პოლიციის წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ღირსეულად გამოიჩინეს თავი. 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა არეულობის მონაწილეთა მოქმედების შედეგად: დამწვრობა, მოტეხილობა, თავისა და სახის დაზიანებები. ბოევიკების ორგანიზებულმა ჯგუფებმა გამოიყენეს პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები, სპილენძის კასტეტები და სპეციალური შურდულებიც კი, პოლიციის ტექნიკისა და ოფიცრების წინააღმდეგ“, – წერს ალექსეი ლობარევი.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი წერს, რომ საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია.

„საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ბოლო თვეებში შესამჩნევად შეიცვალა პოზიტიური მიმართულებით. ქუჩებში, ბაზრებზე, მაღაზიებსა და კაფეებში რუსულად ვსაუბრობდი, ყველას ესმოდა და რუსულად მპასუხობდნენ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პროფკავშირები პარტიებისა და პოლიტიკის მიღმაა. მათი მთავარი მიზანია მუშათა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, განურჩევლად პოლიტიკური ვითარებისა.

ახლა ვაჯამებ ყველა შეგროვებულ მასალას და რამდენიმე დღეში აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს დასკვნებს და გაჩვენებთ ვიდეოს, თუ როგორ ცხოვრობს თბილისი დღისით და ღამით,“ – წერს ალექსეი ლობარევი.

საქართველოში 19 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლამდე შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი,  მოქალაქეების საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: