მთავარი,სიახლეები

გუშინ დაკავებული 44 პირიდან 26-ს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა – სახალხო დამცველი

01.12.2024
გუშინ დაკავებული 44 პირიდან 26-ს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2024 წლის 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 125 პირი მოინახულეს.

„81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკვე მიეწოდა.

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით მოინახულეს 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირი, რომელთაგან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა [რეაგირება არ ისურვა 11-მა]). 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა, უმეტესად, დაზიანებები ხილულად სახის არეში.

საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში მოაქციეს, არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებულების ნაწილის თქმით, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ არამხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ, შემდგომშიც – ავტომობილში ყოფნის დროს.

დაკავებულების განმარტებით, აქამდე უკვე არსებული პრაქტიკის მსგავსად, დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა მათ მიმართ ხორციელდებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ, ხოლო შემდეგ, მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ხდებოდა.

საყურადღებოა, რომ დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი ნივთების [მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, საფულე მასში განთავსებული თანხით და სხვა] ჩამორთმევაზე მიუთითებს, რომელთა შემდგომი ბედი მათთვის უცნობია.

სახალხო დამცველის აპარატი, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის შესახებ, პარალელურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამსახურს აპარატმა ასევე მიაწოდა საჯარო წყაროებში ასახული არაერთი ვიდეომასალა და ინფორმაცია, სადაც  ვლინდებოდა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მონახულებას და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების დამატებითი ინფორმირება“ – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელდა.

მათივე ინფორმაციით, უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: