„28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები აწერენ ხელს.
განცხადება განახლებადია და ამ დროისთვის მას 189 პირი აწერს ხელს.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები წერენ, რომ მხარს უჭერენ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას:
„საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და სტაბილურად მზარდი საფინანსო სისტემა“.
28 ნოემბერს, პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს 2028 წლამდე. განცხადების შემდეგ, სპონტანურად დაიწყო და დღემდე გრძელდება საპროტესტო აქციები საქართველოს ქალაქებში, 28 ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს აქცია თბილისში რუსთაველის გამზირზე.






