ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია და ხმათა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – 54.086 %, რაც 1 117 480 ხმაა.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ცესკოს წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 10.923 % [225 680 ხმა]
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.122 % [209 137 ხმა]
- „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 8.781 % [181 424 ხმა]
- „გახარია საქართველოსთვის“ – 7.761 % [160 354 ხმა]
ეს ის პარტიები და ოპოზიციური გაერთიანებებია, რომლებმაც, ცესკოს ცნობით, გადალახეს 5-პროცენტიანი ბარიერი და პარლამენტში მოხვდებიან.
ასევე ცესკოს ცნობით, „გირჩმა“ ამომრჩეველთა ხმების 3.011% მიიღო – 62 217 ხმა, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 2.442 %, ანუ 50 463 ხმა.
არჩევნებში სულ 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. დანარჩენმა პარტიებმა ვერ გადალახეს 1-პროცენტიანი ზღვარიც.
ცესკოს წინასწარი შედეგები მნიშვნელოვნადაა აცდენილი ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს. Edison Research-ის ეგზიტპოლის თანახმად, „ოცნებამ“ მიიღო 40,9% პროცენტი, ცესკოს მონაცემები კი ყველაზე ახლოსაა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის მონაცემებთან, რომელმაც „ოცნებას“ 56.1 პროცენტი დაუწერა.
ცესკოს წინასწარ მონაცემებს მსხვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ეთანხმება.
გუშინ, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განცხადება გააკეთეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, ასევე გახარიას პარტიამ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან არჩევნები მოპარულია. იმავეს აცხადებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. ასევე, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არ შეესაბამება მოქალაქეთა რეალურ ნებას.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, პარტიამ განაცხადა, რომ დაელოდებიან საბოლოო შედეგებს და აქვთ არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში.
არჩევნების დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ -„ჩემი ხმა“.
„აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისაც გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისათვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურების დაკვირვებაზე ხელშეშლა.
დღის პირველ ნახევარში მასობრივად ჰქონდა ადგილი ამომრჩევლებისთვის ორი ან მეტი ბიულეტენის გადაცემას. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევებიც, როდესაც ბიულეტენებზე მმართველი პარტია უკვე მონიშნული იყო“, — აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში.
„ჩემი ხმა“ საუბრობს ასევე წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და „ქირაობის” ცნობებზე, რაც მათი თქმით, გაყალბების სქემის ნაწილი იყო.
მისიაში ამბობენ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე დღის მანძილზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა, რაც მოიცავდა ფიზიკურ თავდასხმებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, უბნებიდან გაძევებას საფუძვლის გარეშე, რაშიც ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციაც იყო ჩართული. ეს ყველაფერი კი პროცესზე დაკვირვებას უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელს ხდიდა.
_____________
ფოტოზე: არჩევნები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“






