მთავარი,სიახლეები

ქუთაისში მოქალაქეები „ოცნების“ მიერ დაპირებულ პროექტებს, ფანრით ეძებენ

12.10.2024
ქუთაისში მოქალაქეები „ოცნების“ მიერ დაპირებულ პროექტებს, ფანრით ეძებენ

სამოქალაქო მოძრაობის, – „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრებმა, ბერძენი ფილოსოფოსის მეთოდით, ქუთაისში ძებნა გამოაცხადეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ დაჰპირდათ.

სამოქალაქო აქტივისტები ფანრებით ხელში ეძებდნენ რეაბილიტირებულ რიონის პირა სახლებს, ელექტრომობილების ქარხანას, ოცნების ქალაქს, ტექნოლოგიურ ჰაბებს და სხვა პროექტებს, რომელიც წესით დასრულებული უნდა იყოს ამ დროისთვის, თუმცა, ადგილზე ძირითად შემთხვევაში რქოსანი პირუტყვი ბალახობს.

„ჩვენ, დღეს, ფარნებით ვეძებდით „ოცნების” პროექტებს. ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. ის, რომ ქუთაისი დაცლილია, არ არის მხოლოდ ქუთაისის პრობლემა, ეს ალბათ, პირველ რიგში, თბილისის პრობლემაც არის.

მაშინ, როდესაც სახელმწიფო კომპანიების უმეტესობა და სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თბილისში ფუნქციონირებს, თავისთავად, ეკონომიკაც მთლიანად კონცენტრირებულია თბილისში და მთელი საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთ ქალაქში ცხოვრობს“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ეკა ფხაკაძე.

მათი თქმით, „ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში ქუთაისმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, განვითარების პერსპექტივა, ქალაქი დატოვა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა და მოსახლეობის რაოდენობით ქუთაისმა მეორე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.

აქტივისტები მოუწოდებენ თანაქალაქელებს, საპარლამენტო არჩევნებში  ხმა მისცენ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის კურსის და ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნების პირობას დადებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: