პროკურატურამ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა „დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, კიდევ ერთი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე“.
პროკურატურა წერს, რომ შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ „8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, რის შემდგომაც ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი წარსულში არსებული უთანხმოების გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
ბრალდებულმა ასევე მეორე პირის მიმართ მოკვლის განზრახვით გასროლა განახორციელა“.
ბრალდებული იმავე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მკვლელობის იარაღი, და ასევე, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ორი პირის მიმართ), 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






