მთავარი,სიახლეები

სოფელში, სადაც ნაგვის ურნა 3 თვე არ დაუცლიათ, აქ 6 სოცდაუცველი გზას ალაგებს

20.07.2024
სოფელში, სადაც ნაგვის ურნა 3 თვე არ დაუცლიათ, აქ 6 სოცდაუცველი გზას ალაგებს

„სამი თვე არავინ მოსულა, რომ დაეცალათ ნაგვის ურნა,“ – გვითხრეს ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ძაბლავეთის უბანში. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცხელ ხაზზეც რამდენჯერმე დარეკეს, მაგრამ ურნასთან არავინ მისულა.

მოსახლეობის თქმით, ბოლო 3 თვე, მათ ნარჩენები სოფლის სხვა ადგილებში განთავსებულ ნაგვის ურნებამდე მიაქვთ, სადაც ნაგვისმცლელი მანქანა მოძრაობს. ძაბლავეთი კი, სოფლის ბოლოა.

რატომ არ იცლება ნაგვის ურნა? – შეკითხვით ხელვაჩაურის მერიას მივმართეთ, თუმცა კითხვა უპასუხოდ დატოვეს. ამ პრობლემაზე საუბარს თავი აარიდა ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენელმაც სოფელ მარადიდში ილია დიდმანიძემ.

იგივე სოფელ მარადიდში, როგორც სოფელში გვითხრეს, მინიმუმ 10 სოცდაუცველი ადამიანია დასაქმებული: სკოლაში, სოფლის ცენტრის მოვლაზე, 6 სოცდაუცველი კი, სოფლის გზას ალაგებს.

ერთ-ერთ სოცდაუცველს, ხათუნა მუთიძეს, მიტოვებულ ნაგვის ურნასთან ახლოს მდებარე სახლში ვესაუბრეთ:

„მე ვმუშაობ გზის დალაგებაზე, 6 ქალი ვართ დასაქმებული სხვადასხვა ადგილას, დანაწილებული გვაქვს ადგილები, დღეში 3-4 საათი გვიწევს მუშაობა.

ნაგვის ურნა არ ვიცი, დააგვიანდათ ეტყობა, თორემ ისე დადიოდა, რა ვიცი,“ – გვიპასუხა ხათუნა მუთიძემ.

40 ათას სოციალურად დაუცველს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია. მაგალითად, ტანკს ქედაში, წონიარისის ცენტრში, ორი კაცი ალაგებს, სოფელ გულებში კი, ქალი ალაგებს ოთახს, რომელიც სოფლის ცენტრში მოუწყვიათ და იქ შეკრებილი ბიჭები ჯოკერს თამაშობენ.

ზოგიერთ სოფელში კი, სოცდაუცველები ნაგვის ურნებთანაც დაასაქმეს – თუ ვინმე ურნასთან ნაგავს დატოვებს, ყუთში რომ მოათავსოს. ერთ-ერთი ასეთი დასაქმებული ხულოში, სოფელ კვატიაში შადიმან ხოზრევანიძე იყო. ის ამბობს, რომ უმუშევარი დატოვეს მას აქეთ, რაც ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო. 

საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა შეჩერდება. გამოდის თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ამ ფორმით – თითქმის ფორმალური დასაქმებით – საბიუჯეტო სახსრებით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს? – ეს სოფელ მარადიდში ხათუნა მუთიძესაც ვკითხეთ.

„გავიგე, რომ წყდება ეს პროგრამა, მაგრამ ეს არ არის სწორი ნამდვილად. ისე ვერ ეხმარებიან გაჭირვებულებს ვერანაირად, აქაც ცოტაა ხელფასი, მაგრამ მაინც სახლში ვართ გამოკეტილი…

მე ვინმეს ვერ მოვუგებ, ჩემი სიტყვა არ გაჭრის… ჩემი აზრი არა მგონია სადმე გამოადგეს ვინმეს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ხათუნა მუთიძემ.

ნაგვის ურნა სოფელ მარადიდში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: