მთავარი,სიახლეები

ქობულეთში სანაპიროს აღდგენა სეზონზე შეჩერდება – სამუშაოებში 1,9 მილიონი იხარჯება

27.06.2024
ქობულეთში სანაპიროს აღდგენა სეზონზე შეჩერდება – სამუშაოებში 1,9 მილიონი იხარჯება

ქობულეთის პლაჟის გასწვრივ გრძელდება შტორმის შედეგად დანგრეული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოები, რაშიც 2 მილიონამდე ლარი იხარჯება.

როგორც ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, სამუშაოები სეზონზე შეჩერდება და სექტემბრიდან განახლდება:

„სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია და ძირითადი სამუშაოები [დაზიანებული ინფრასტრუქტურის, სკამების, დამცავი კედლის, პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების მოწყობა] 5 ივლისამდე დასრულდება. საბანაო სეზონი ოფიციალურად ქობულეთში 13 ივლისს გაიხსნება. სანაპირო ზოლში დარჩენილი სამუშაოები კი [დაზიანებული ბოძებისა და მცენერეების აღდგენა] სექტემბრიდან განახლდება.“

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქობულეთის ზღვისპირა ზოლში / 27.06.2024

სანაპირო ზოლის აღდგენაზე ქობულეთის მერიას ტენდერი 1 928 800 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ხელშეკრულება მერიამ 2024 წლის 11 აპრილს ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიასთან, „ჯორჯიან სტოუნთან“ 1 908 797 ლარზე გააფორმა.

პირობის მიხედვით სამუშაოების დასასრულებლად ვადა კომპანიას ხელშეკრულების დადებიდან 120 დღე, ანუ 2024 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე აქვს.

შესყიდვების პორტალის მიხედვით კომპანიისთვის, 2024 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, უკვე გადარიცხულია სახელშეკრულებო თანხის 40%, ანუ 767 ათას 680 ლარი [აქედან 300 ათასი ლარი ავანსად].

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 5 ივლისს შეწყდება და სექტემბრიდან განახლდება / 27.06.2024

ზღვისგან დანგრეული სანაპიროს აღდგენა იმ პროექტის მიხედვით მიმდინარეობს, რომელშიც ქობულეთის მერიამ 29 ათას 520 ლარი გადაუხადა კომპანია „არტ იდეას“.

„არტ იდეასთან“ საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებაზე მერიამ ხელშეკრულება პირდაპირი წესით, ტენდერის გარეშე გააფორმა 2023 წლის 26 დეკემბერს, პროექტი კი მერიამ 2024 წლის 4 მარტს ჩაიბარა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 5 ივლისს შეწყდება და სექტემბრიდან განახლდება / 27.06.2024

როგორ გამოიყურებოდა ქობულეთის სანაპირო 2023 წლის 27 ნოემბრის შტორმის შემდეგ, ნახეთ ამ ბმულზე:

როგორ გამოიყურება ქობულეთის სანაპირო შტორმის შემდეგ | ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: