1937 წლის ნოემბერში, ქედაში, სოფელ მერისში სამი ძმა: ომერ, ხუსეინ და ახმედ თურმანიძე დააპატიმრეს. ძმებთან ერთად საბჭოთა რეჟიმმა კიდევ რამდენიმე მერისელი დააკავა.
„ჩამოიარა მაშინდელმა მილიციის წარმომადგენელმა და ვის ეზოშიც ჩამოიარა, ყველა წაიყვანა. მაშინ ზოგს იჭერდნენ და ზოგს – არა. არ ვიცი, როგორ არჩევდნენ. ჩემთვის დღემდე უცნობი მიზეზის გამო დაიჭირეს ეს სამი ძმა. 1937 წლის ნოემბრის შემდეგ მათ შესახებ არაფერი აღარ ვიცით.
არ ვიცით ადგილზე დახვრიტეს, ციმბირში გაუშვეს, მუშაობაში ამოხდათ სული თუ როგორ დაიღუპნენ… 1957 წელს, როცა რეაბილიტაციის ცნობა მივიღეთ, დავრწმუნდით, რომ სამი ძმიდან ერთი, ომერ თურმანიძე, რომელიც ბაბუაჩემი იყო, ნამდვილად უმიზეზოდ დააპატიმრეს,“ – იხსენებს 87 წლის წინ მომხდარ ამბავს ვიქტორ თურმანიძე, ომერ თურმანიძის შვილიშვილი.
1937 წელი საქართველოს ისტორიაში სტალინური, სისხლიანი რეპრესიების სახელითაა შესული. ეს ის დროა, როცა ადამიანებს უმიზეზოდ იჭერდნენ და შინსახკომის სამეული ბრალის დადასტურების გარეშე უსჯიდა მათ სასჯელის უმაღლეს ზომას – დახვრეტას.
ვიქტორ თურმანიძე პროფესიით პედაგოგია, 48 წლის განმავლობაში მათემატიკას ასწავლიდა ბავშვებს ქედაში, სოფელ მერისში. სტალინური რეპრესიების და იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რაც თურმანიძეების ოჯახმა გადაიტანა, „ბათუმელებს“ მეხსიერებაში შემორჩენილ ისტორიას უყვება.
- ბაბუაჩემი ომერ თურმანიძე
„ბაბუას შესახებ ამბები მამაჩემისგან და ბებიაჩემისგან ვიცი მხოლოდ. სამართლიანი და პატიოსანი კაცი იყოო, მიყვებოდა.
ერთხელ მამაჩემს ვკითხე, ბაბუას სურათი როგორ არ გაქვს-მეთქი. ამის თქმაზე, მამაჩემს ცრემლები გაუჩნდა თვალებზე, მაშინ ფოტოს საშუალება არ იყოო.
ბაბუას შესახებ კიდევ ის ვიცი, რომ 1928-29 წელს თბილისში, მეტეხის ციხეში მოხვდა. მიზეზი პოლიტიკური ლექსი იყო.
ქედისა და შუახევის ორ სოფელს – მერისსა და უჩამბას შორის იყო დავა საძოვარზე. 1930-იან წლებამდე, სანამ თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის საზღვარს გაავლებდნენ, ჩვენი სოფლიდან მემთეურები შავშეთში მდებარე იალაღებზე დადიოდნენ.
როცა 1930 წელს გზა ჩაიკეტა, ჩვენი სოფლის საძოვარი დარჩა შავშეთში. სოფელს დასჭირდა საზაფხულო იალაღი. ადგილზე, რომელსაც ახლა ღომას მთას ეძახიან და რომლის საძოვრად გამოყენებაც დაიწყეს, სოფელი უჩამბაც აცხადებდა პრეტენზიას.
უჩამბასა და მერისს შორის ღომას მთაზე დავა წლები მიდიოდა. სწორედ ამ პროცესებს მიუძღვნა ლექსი ბაბუაჩემმა. ეს ლექსი იმიტომ გახდა დაჭერვის საფუძველი, რომ მასში მოხსენიებული იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უჩამბიდან იყო წარმოშობით. „ის კაცი გყავდათ უჩამბელებს მთავრობაში, მაგრამ მაინც ჩვენ გავიმარჯვეთო“, – წერდა ლექსში ბაბუაჩემი.
სწორედ ამის გამო მოუწია ორი წელი „დასვენება“ციხეში“, – იხსენებს ვიქტორ თურმანიძე.
- 1937 წელი
„1937 წელს დაიჭირეს ბაბუაჩემი ომერი, მასთან ერთად მისი ორი ძმა – მამაჩემის ბიძები, ხუსეინ თურმანიძე და ახმედ თურმანიძე. რეპრესიებს გადაურჩა მეოთხე ძმა, ჰასან თურმანიძე, რომელიც 1964 წლამდე ცხოვრობდა ბათუმში, ურეხში.
„ტყიდან მოსული წაიყვანეს სველი ტანსაცმლით“
მამაჩემი, როცა ბაბუას შესახებ ჰყვებოდა, იხსენებდა, რომ დაპატიმრების დღეს ომერ ბაბუა ტყეში ყოფილა წასული. წვიმიანი დღე იყოო, ცივი ნოემბერი.
მამა ჰყვებოდა:
„ტყიდან მოსული პირდაპირ წაიყვანეს სველი ტანსაცმლით. მეორე დღეს დედამ რომ გამატანა გამოსაცვლელი, ქედის ცენტრში ჰყავდათ დატყვევებული. მამა არც მანახეს, კედლის იქეთ გადავუგდე ტანსაცმელი და იქიდან სველი ტანსაცმელი გადმომიგდოო. ის იყო ბოლო შეხვედრა, იმის შემდეგ მამაჩემის შესახებ არაფერი აღარ ვიციო.
ქუჩაში რომ ჩავივლიდი, ვხედავდი ხალხი როგორ მიყურებდა. რეპრესირებულის შვილებს გვეძახდნენ აგენტს, მავნებელს…
ამიტომ სულ დაინტერესებული ვიყავი, რა დააშავა მამაჩემმა, უწყებიდან უწყებაში წერილებს ვწერდი და ვითხოვდი კითხვაზე პასუხს, თუ რა დანაშაული მიუძღოდა მამაჩემსო“.
პასუხი მხოლოდ 1957 წელს მოვიდა საქართველოს გენერალური პროკურორისგან. მოკლე წინადადება იყო – „ომერ თურმანიძე რეაბილიტირებულიაო“, – გვიყვება ვიქტორ თურმანიძე.
- დაპატიმრების მიზეზი
თურმანიძეების ოჯახმა მრავალწლიანი ძიების მიუხედავად არ იცის მიზეზი, რის გამო დააპატიმრეს 1937 წლის ნოემბერში ომერ თურმანიძე და მისი ძმები. ასევე არ იციან, რა ბედი ეწიათ მათ – დახვრიტეს, გადაასახლეს თუ რა დაემართათ.
ვიქტორ თურმანიძემ უკვალოდ გამქრალი სამი ძმის შესახებ ყველა შესაძლო ღია წყაროში სცადა ინფორმაციის მოძიება, თუმცა ბაბუის და მისი ძმების კვალს ვერსად მიაგნო.
„ბაბუაჩემი დაახლოებით 57 წლის იყო, როდესაც 1937 წელს დაიჭირეს. ჰყავდა ოთხი შვილი, სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. ახალგაზრდობაში სამუშაოდ იყო წასული ქუთაისში, სადაც ისწავლა ქართული-წერა კითხვა. თავისით ისწავლა იმდენი, რომ მისი ხელით დაწერილი ღია ბარათებიც ინახებოდა ჩემს სახლში, რომელსაც 1928-29 წლებში მეტეხის ციხეში მყოფი აგზავნიდა ოჯახის მოსაკითხად.
მე არ შევადარებ ბაბუაჩემს იმ ცნობილ პიროვნებებს, რომლებიც შეეწირნენ 37 წლის რეპრესიებს, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი გადმოცემით, რომ იმ დროს ჩემს სოფელში მხოლოდ ბაბუაჩემს შეეძლო წერა-კითხვა. როგორც ჩანს, ესეც არ მოსწონდა საბჭოთა ხელისუფლებას.
რეაბილიტაცია რომ მოხდა, თავიდან კი ყველას გაგვიხარდა, მაგრამ მერე მეწყინა. მეწყინა, რომ უდანაშაულო ადამიანი დააკავეს. რომ ეთქვა ვინმეს, ესა და ეს დააშავა და ამიტომ დავიჭირეთო, სხვანაირად ვიფიქრებდით. ვიცით, რომ ბევრი, ვინც 1937 წელს რეჟიმმა დააპატიმრა, ბათუმში დაიხვრიტა და ერთიანი საფლავი არსებობს მათი. ბათუმში დახვრეტილების შესახებ რამაზ სურმანიძის წიგნი სულმოუთქმელად წავიკითხე, მაგრამ იმ წიგნში არაა მონაცემები ბაბუაზე.
არ ვიცი, როგორ მოკვდა ბაბუაჩემი. არც ბაბუაჩემის ძმების შესახებ ვიცი რამე. სამივე უგზო-უკვლოდ გაქრა,“ – გვიყვება ვიქტორ თურმანიძე.
- წარსულის გამოძიება
„პატარაობისას მამაჩემს ბევრ კითხვას ვუსვამდი, მაგრამ მისი პასუხები მწირი იყო. რომ წამოვიზარდე, ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე და საიდუმლოს ფარდა აეხადა. 80-იან წლებში ბევრი რამ გავიგეთ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა და როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით.
როცა ჩაკეტილი ვიყავით, სხვანაირი აზროვნება და სხვანაირი ცხოვრება გვქონდა. ვფიქრობდით – ყველაფერი საუკეთესო ჩვენთანაა, ყველაფერი ცუდი – კაპიტალისტურია. წამოვიზარდეთ და გავიგეთ, რომ თურმე ეს ასე არ ყოფილა. გავიგე ჩვენი ქვეყნის შექმნის, მისი დაშლის შესახებ, ყველაფერი გადავაფასე და მერე მივხვდი, რას შეეწირა ჩემი ბაბუა, ისე, როგორც ათასობით სხვა ადამიანი.
ქვეყნის საუკეთესო ადამიანები შეეწირა და ბაბუაჩემი რაღა საკითხავია.
ახლა ერთი კაცი გამოდის და ამბობს, რომ თურმე არ უნდა დარღვეულიყო საბჭოთა კავშირსა და გარე სამყაროს შორის ის ღობე, რომ არ დაგვენახა კარგი ცხოვრება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დავინახეთ, რომ სხვაგანაც ყოფილა კარგი ცხოვრება.
80-იან წლებში ძალიან დიდი იმედით ვუყურებდით ყველაფერს. 9 აპრილის შემდეგ მეგონა გვეშველა. ყველაფერი კარგი მომესწრება-მეთქი, მეგონა. ვფიქრობდი, მეც ვნახავ, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს-მეთქი. ახლა ვფიქრობ – იქნება აუცილებლად, მაგრამ ეგებ ჩემს შვილიშვილებს მაინც მოუწიოს კარგი ცხოვრება.
რუსეთი ისეთი ქვეყანაა, მასთან მეგობრობა არ შეიძლება, მასთან შეიძლება მარტო უფროს-უმცროსობა. მეგობრობა სხვაგანაა.
დღეს არჩევანის წინაშე დგება ახალგაზრდა და უნდა ის, რაც უნდა. ახლანდელი თაობა აღარ გაჰყვება იმ გზას, არ შეეგუება იმას, რომ კიდევ ძალადობით და რეპრესიებით მართონ.
ჩვენი ქვეყნის ისტორიას რომ გადავხედოთ, მთელი ასი წელი ერთი კაცის მმართველობიდან ვერ გამოვედით. მთელი ასი წელი ქვეყანას მართავდა „ერთი კაცი“. ეს არაა დემოკრატია. როცა დემოკრატია იქნება, ახალგაზრდასაც მოუსმენენ, განათლებულსაც. პედაგოგი კაცი ვარ და პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ ცოდნას.
ქვეყანა უნდა მართოს ცოდნამ და არა ძალამ. მეგობრობამ და სიყვარულმა უნდა მართოს.
მე არ მგონია ამ ახალგაზრდების ასეთი წამება და ჩეხა ქუჩაში სიყვარულით ხდება. ასე უმოწყალოდ ქალების, ბავშვების, ახალგაზრდების ქუჩაში წამება არ შეიძლება“, – ამბობს ვიქტორ თურმანიძე.
- სტალინის შესახებ
„პატარაობისას სიამაყით ვიძახოდი სტალინიც ქართველია და მეც-მეთქი. მაგრამ რომ გავიზარდე, აღმოჩნდა, რომ არც არაფერი იყო სატრაბახო.
სტალინმა ყველაზე მეტი უკრაინას დაუშავა და მერე საქართველოს. მეგობრებში რომ მილაპარაკია, ხუმრობით უთქვამთ, ბიჭო, საბჭოთა კავშირი ააშენა, ამხელა ქვეყანა და უკმაყოფილო რატომ ხარო. მე სულ ვამბობ – მთელ საბჭოთა კავშირს ჩემი ბაბუა მირჩევნია, ის არ წაეყვანათ-მეთქი.
მეუბნება კაცი – სტალინი, კომუნიზმი და საბჭოთა კავშირი რომ არ ყოფილიყო, გზები არ აშენდებოდა, ხიდები არ აშენდებოდა, ეს არ გაკეთდებოდა… საცოდაობაა ამის თქმა. მსოფლიოს რამდენი ქვეყანა ვიცით, არც სტალინი ჰყავდათ, არც კომუნისტები იყვნენ, აშენებული კი არა აყვავებული არიან.
თვალი უნდა გაახილონ და დაინახონ.
სულ ვსვამ ამ კითხვას – ნუთუ არ იყო სხვა გზა, რომ ქვეყანა ხალხის დახოცვის გარეშე აშენებულიყო?
სხვა უფრო კარგად აწყობილი ქვეყნებია, რომლებიც ხალხის დახოცვით არ აშენებულა.
87 წელი გავიდა სტალინური ტერორიდან და ჩვენი სახელმწიფო იქამდე ვერ მივიდა, რომ ჯეროვნად სცეს პატივი რეპრესირებულებს და მათ ოჯახებს. სახელმწიფო ვერ მომძლავრდა ისე, რომ ასეთ საკითხებს მიხედოს. მაგრამ ერთია შეძლოს ეს და მეორეა – სურვილი ჰქონდეს, რომ მიხედოს.
ქვეყანა ასე არ უნდა აშენებულიყო. სამართალზე უნდა იდგეს ქვეყანა და არა სისხლისღვრაზე. სისხლისღვრით აგებული ქვეყანა არ გვინდა.
37-მა წელმა შეიწირა საქართველოს საუკეთესო ხალხი. თუ ტენდენცია იქით წავა, რომ კარგებს ჩამოვიცილებთ, განათლებული ადამიანი არ ჩაუდგება ქვეყანას სათავეში და ცოდნით არ ვმართავთ, ჩემი აზრით, სწორ შედეგზე ვერ გავალთ. ქვეყანა ცოდნამ უნდა მართოს, ამის მაგალითები გვაქვს“.






