მთავარი,სიახლეები

ოჯახური ძალადობა დედასა და ბებიაზე

07.07.2016
ოჯახური ძალადობა დედასა და ბებიაზე

„არაფერში არ ვცნობ თავს დამნაშავედ,“ – უპასუხა 29 წლის მინდია ქ.-მ მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს. მინდიას პროკურატურა საკუთარი ბებიისა და დედის ცემაში ადანაშაულებს. მას ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც.

მინდიას ბებიას პოლიციაში 16 აპრილს საღამოს დაურეკავს. პოლიციელებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბებიამ აღნიშნა, რომ შვილიშვილმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, სცემა. 21 აპრილს მინდია ქ.-ს მიმართ სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. გამოძიების მასალების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა იმ მისამართზე მისვლა, სადაც ბებია ცხოვრობდა, ბებიას მან კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა 8 მაისს. ამავე საღამოს მან დედასაც სცემა.

პროკურატურამ სასამართლოს მინდია ქ.-ს ბინის ჩხრეკის ოქმიც წარუდგინა. პოლიციელებს ბრალდებულის საძინებელში სამი ვაზნა უპოვიათ. კანონმდებლობის მიხედვით, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამას ემატება შემაკავებელი ორდერი, რომლით გათვალისწინებული ვალდებულებები მინდია ქ-მ დაარღვია.

„ჩვენ თანახმა ვართ საპროცესო შეთანხმებაზე. შევთავაზეთ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის გადახდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს,“ – ამბობს პროკურორი ლევან მურვანიძე. საპროცესო გარიგებისთვის კი, ბრალის აღიარება მთავარი პირობაა. პროკურორს ბრალდებულმა უთხრა, რომ ის ადვოკატს უკვე ესაუბრა და ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება. მინდია ქ.-ს ინტერესებს სასამართლოში სახელმწიფო იურიდიული დახმარების ბიურო იცავს.

ბრალდებულმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ პროფესიით მეზღვაურია და ამჟამად უმუშევარი. სასამართლოს წინა სხდომაზე მინდია ქ.-ს აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდეს, თუმცა ბრალდებულმა მისი გადახდა ვერ შეძლო და ის წინასწარ პატიმრობაში რჩება. სასამართლოს მომდევნო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენებებს მისცემენ ბრალდებულის დედა და ბებია. საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნა, რაც მათ სხეულებზე მიყენებულ მსუბუქ დაზიანებებს ადასტურებს.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა ბრა¬ლდებულის მეუღლე. მან „ბათუმელებთან“ გასაუბრებაზე უარი თქვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: