უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა პირველად დაკარგა წყალქვეშა ნავი.
საუბარია რუსულ წყალქვეშა ნავ „როსტოვზე“, რომელიც გაანადგურეს 12 სექტემბერს, ღამით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმისას.
თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სადესანტო ხომალდი „მინსკი“.
უკრაინული გამოცემა Defense Express-ი წერს, რომ წყალქვეშა ნავები ძალიან რთული სამიზნეა და, უკრაინას, უბრალოდ, არ აქვს იარაღი მის წინააღმდეგ, მაგრამ რუსული წყალქვეშა ნავი განადგურდა ხმელეთზე, შეკეთებისას.
Defense Express-ის ცნობით, შესაძლოა თავდასხმისას გამოყენებული იყო ბრიტანული Storm Shadow-ი, შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელიც გათვლილია ისეთ მსხვილ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმისთვის, როგორიცაა: პორტის ინფრასტრუქტურა, ბუნკერები, აეროდრომები და ხიდები.
სევასტოპოლის პორტი ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული, 2022 წლის თებერვლიდან კი რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.
____________
ფოტოზე: წყალქვეშა ნავი „როსტოვი“. ფოტო: defence-ua.com






