ISW-ის მიერ მომზადებულ, რუსეთ-უკრაინის ომზე 26 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვანი მექანიზებული კონტრშეტევა წამოიწყეს ზაპორიჟიეს ოლქის დასავლეთით და, როგორც ჩანს, გაარღვიეს რამდენიმე წინასწარ მოწყობილი რუსული თავდაცვითი პოზიციები ორეხოვოს სამხრეთით.
ანალიტიკოსები წერენ, რომ სავარაუდოდ, უკრაინელებმა ახალი ძალები შეიყვანეს რობოტინოს რაიონში, სადაც რუსული ჯარები რჩებიან როტაციის, დახმარებისა და მნიშვნელოვანი გაძლიერების გარეშე, რამაც, შესაძლოა, უკრაინას წარმატებული წინსვლის შესაძლებლობა მისცეს ორეხოვოს სამხრეთით.
დასავლელი და უკრაინელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ შეტევები რობოტინოს მიმართულებით არის გარდამტეხი წერტილი უკრაინის კონტრშეტევაში – წერს ISW-ი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს შავი ზღვის ბლოკადა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ.
ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აძლიერებს სამხედრო მზადყოფნას შავ ზღვაში, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ შექმნას პირობები სამოქალაქო გემების იძულებითი გაჩერებისა და ჩხრეკისთვის და გაზარდოს კონტროლი რეგიონში.
ამავე დროს, ISW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ გაზრდილი სამხედრო მზაობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შეძლოს უკრაინის სრული ბლოკადა.
რუსეთის მიერ შავ ზღვაში უკრაინის სრული ბლოკადა ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს შეეძლებათ ცეცხლი გაუხსნან ყველა გემს, რომლებიც ცდილობენ უკრაინამდე მისვლას.
ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი შეეცდება ასეთი სრული ბლოკადის დაწესებას, რადგან არ გამოიწვიოს კონფლიქტი შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებთან, მათ შორის ნატოს წევრ რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან, რის თავიდან ასაცილებლად კრემლი აქამდე ბევრს მუშაობდა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოზიცია შავ ზღვაში, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ქმნის პირობებს სამოქალაქო და კომერციული გემების ჩხრეკისთვის, ხოლო ბლოკადას პოზიციონირებს, როგორც დამატებითი ბერკეტების მოპოვების საშუალებას.






