მთავარი,სიახლეები

რას წერენ ბახმუტზე უკრაინის გენშტაბი და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

24.05.2023
რას წერენ ბახმუტზე უკრაინის გენშტაბი და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 24 მაისის ანგარიშში წერს, რომ ბახმუტი და მარინკა რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრში.

უკრაინის გენშტაბის განცხადებამდე გამოქვეყნდა ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] 23 მაისის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, უკრაინის გენერალურ შტაბს ყოველდღიურ მიმოხილვაში ომის შესახებ არ უხსენებია ბახმუტში მიმდინარე ბრძოლები. ანალიტიკოსები ამას „ვაგნერელთა“ შესაძლო წინსვლით ხსნიან ქალაქ ბახმუტის სიღრმეში.

რუსეთმა ბახმუტის აღების შესახებ ინფორმაცია გასული კვირის ბოლოს გაავრცელა. უკრაინას ამ დრომდე ღიად და ოფიციალურად არ დაუდასტურებია სრულად დანგრეული ქალაქიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ 24 საათში 26 სამხედრო შეტაკება მოხდა და რუსეთის საოკუპაციო ძალები ძირითადი კონცენტრირდება კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და მარინკას მიმართულებებზე.

„24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ბახმუტში, ხრომოვოეს მიმართულებით, წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა. საჰაერო დარტყმები განახორციელა ბახმუტის, ივანოვსკის, ბელაია გორას, ოზარიანოვკასა და ტორეცკის რაიონებში“, – წერს დღეს, 24 მაისს, უკრაინის გენერალური შტაბი.

გარდა ამისა, დღეს, 24 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას და აღწევენ წარმატებებს ბახმუტის მიმართულებაზე.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ, 23 მაისს განაცხადა, რომ რუსეთი აკონტროლებს ბახმუტის დიდ ნაწილს. ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა ისაუბრა.

ასევე, გუშინ, 23 მაისს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექს დანილოვმა CNN-ს უთხრა, რომ უკრაინის არმია ბახმუტის ნაწილს კვლავ აკონტროლებს.

21 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტი ნახევრად ალყაში მოაქციეს. იმავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა, რომ ბახმუტი ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა რუსული ჯარების დაბომბვის შედეგად, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ბახმუტისთვის ბრძოლა 10 თვეა გრძელდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: