განათლება,მთავარი,სიახლეები

გოგონებს ისევ უკეთესი შედეგები აქვთ წიგნიერებაში, ვიდრე ბიჭებს – PIRLS-ის ახალი კვლევა

16.05.2023
გოგონებს ისევ უკეთესი შედეგები აქვთ წიგნიერებაში, ვიდრე ბიჭებს – PIRLS-ის ახალი კვლევა

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის – PIRLS-ის [Progress in International Reading Literacy Study] მიხედვით, რომელიც მეოთხეკლასელი მოსწავლეების დონეს აფასებს კითხვასა და წაკითხულის გააზრებაში, საქართველოს საშუალო ქულა 494-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უკუსვლა არ აქვს წინა კვლევასთან შედარებით, თუმცა არც  მნიშვნელოვანი წინსვლაა.

ბოლო, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს წიგნიერების საშუალო ქულა 488 იყო, 2021 წლის კვლევის მიხედვით კი 494 ქულა აქვს.

კვლევაში მსოფლიოს 57 ქვეყანა მონაწილეობდა.

საქართველოდან კვლევაში 190 სკოლის 5 637 მეოთხეკლასელი იყო ჩართული.

გამოცდების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ PIRLS-ის მიხედვით, მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შესამჩნევია მიღწევების არსებითი გაუარესება. „საქართველო კი არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც წიგნიერებაში საშუალო ქულის კლება გამოვლინდა,“- აცხადებს გამოცდების ცენტრი.

კვლევის მიხედვით, მონაწილე ქვეყნებიდან ბიჭები მხოლოდ 6 ქვეყანაში ახერხებენ, რომ გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ წიგნიერებაში, დანარჩენ 51 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე – ბიჭებს. კვლევაში ჩართულ არც ერთ ქვეყანაში ბიჭებს არ აქვთ უპირატესობა გოგონებთან შედარებით.

წიგნიერების ქულა საქართველოში:

  • გოგონები – 86.4 ქულა
  • ბიჭები – 78.6 ქულა

ბოლო  წლების კვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოში წიგნიერების დონე ქალაქის სკოლებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე სოფლის სკოლებში. თუმცა 2021 წლის კვლევის მიხედვით, სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობა შემცირებულია.

„სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ასევე შეინიშნებოდა 2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში გამოვლენილ მიღწევებში (TIMSS 2019)“-ამბობს გამოცდების ცენტრი.

სამაგიეროდ, უპირატესობას ისევ ინარჩუნებენ კერძო სკოლის მოსწავლეები. „კერძო სკოლების მოსწავლეები უკეთესად ართმევენ თავს წიგნიერებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას“ – ნათქვამია კვლევაში.

საერთაშორისო კვლევა მიზნად ისახავს 9-10 წლის მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასებას და იმის დადგენას, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტური ფაქტორები, როგორებიცაა: სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.