მთავარი,სიახლეები

8 მარტს ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ – აქცია 13 ქალაქში

03.03.2023
8 მარტს ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ – აქცია 13 ქალაქში

8 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს 13 ქალაქში ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ.

„ეს იქნება ქალების მარში, ქალების წინააღმდეგობა ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ – ამბობს „ქალთა მოძრაობის“ აქტივისტი ნათია გვრიტიშვილი.

„წელს გადაწყვეტილი გვქონდა აქციები გაუპატიურებაზე კანონში ცვლილებაზე, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით, ეს შეიცვალა, იმიტომ, რომ ახლა უკვე საფრთხე ემუქრება ჩვენს არსებობას, საერთოდ სამოქალაქო საზოგადოების არსებობას.

შესაბამისად, პარლამენტთან კანონების ცვლილებაზე მუშაობას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ საერთოდ გვაუქმებენ და აუქმებენ იმ შესაძლებლობებს, იმ მხარდაჭერას, იმ სერვისებს, რასაც სამოქალაქო საზოგადოება სთავაზობს მოსახლეობას და რასაც, წესით, უნდა აკეთებდეს სახელმწიფო“ – ამბობს ნათია გვრიტიშვილი.

მისი თქმით, ქალების საორგანიზაციო ჯგუფში ეს გადაწყვეტილება იყო ერთიანი – „ყველა თანხმდება, რომ დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ეს – რომ შევძლოთ არსებობა და გავაგრძელოთ მუშაობა“ – ამბობს ნათია გვრიტიშვილი.

„ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას ვიღებთ. ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, ზიანდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობა“ – წერს „ქალთა მოძრაობა“.

ნათია გვრიტიშვილი ამბობს, რომ ეს კანონი ქვეყანაში ყველა ჩაგრულ ჯგუფზე იქონიებს ნეგატიურ გავლენას:

„არც ერთი ჩვენგანი სამოქალაქო საზოგადოებაში არ აპირებს აგენტის სტატუსის ქონას, არც დარეგისტრირებას, არავინ არ იცხოვრებს აგენტის სტატუსით. უცხოური ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის აგენტები არიან ისინი, ვინც ართმევს ქვეყანას ამდენ შესაძლებლობას და ევროპულ გზას.

ნაცვლად იმისა, რომ ვითხოვდეთ შეიცვალოს კანონი გაუპატიურების შესახებ, გახდეს უკეთესი და ევროპის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს, ვითხოვდეთ თანაბარ სამუშაო პირობებს, ვითხოვდეთ თანასწორობას, გვიწევს,  ვითხოვდეთ უბრალოდ არსებობის უფლებას, რომ შევძლოთ სამომავლოდ მუშაობა“.

„არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი – შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია“ – აცხადებს „ქალთა მოძრაობა“.

8 მარტს მარში გაიმართება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ახალციხეში, ახალქალაქში, ბოლნისში, გორში, თელავში, ახმეტასა და მარნეულში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: