სიახლეები

iPhone 14-ის საყიდლად თურქები ბათუმში მიდიან – მედია

29.11.2022
iPhone 14-ის საყიდლად თურქები ბათუმში მიდიან – მედია

თურქული მედია წერს, რომ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში საგანგებოდ მიდიან iPhone-ის ახალი მოდელის შესაძენად, რომელიც საქართველოში უფრო იაფი ღირს, ვიდრე თურქეთში, რადგან თურქეთის მოქალაქეებს საზღვრის კვეთის დროს უკან უბრუნდებათ გადასახადები [tax].

თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ ამ ტენდენციას „სატელეფონო ტურიზმს“ უწოდებს.

გამოცემის ცნობით,  სარფის საზღვარს არა მარტო თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები კვეთენ „აიფონის“ შესაძენად, არამედ საქართველოში „სატელეფონო ტურიზმისთვის“ მიდიან თურქეთის სხვა ქალაქებიდანაც.

„Apple-მა სექტემბერში წარადგინა თავისი ახალი iPhone 14, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელები. ამ მოდელების ფასები თურქეთში მერყეობს 30 000 თურქული ლირიდან (1 600$) 57 000 ლირამდე (3 100$).

მაგრამ თუ თურქი მომხმარებლები ამ ტელეფონებს საქართველოში ყიდულობენ, მათ ეძლევათ უფლება გადასახადის ანაზღაურებაზე. გადასახადის დაბრუნებით, iPhone-ის ფასი საქართველოში ყიდვის შემთხვევაში დაახლოებით 15 000 ლირით იაფია, ვიდრე თურქეთში.

ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს შეძენილი ტელეფონები და დარეგისტრირებული IMEI ნომერი, რათა შეძლონ თავიანთი მოწყობილობების გამოყენება თურქეთში. ამჟამად, ამ პროცესისთვის რეგისტრაციის საფასური 2 700 ლირაა, მაგრამ სავარაუდოდ მომავალ წელს 6 000 ლირამდე გაიზრდება.

მოგზაურებს პრობლემა არ ექმნებათ საზღვრის კვეთისას, თუმცა გადასახადის დაბრუნებისთვის გრძელ რიგებში ლოდინი უწევთ“ – წერს გამოცემა.

„ბათუმში მხოლოდ აიფონის საყიდლად ჩამოვედი. 24 500 ლირა გადავიხადე iPhone 14 Pro-ში, ხოლო თურქეთში 45 000 ლირადან 50 000 ლირამდე ღირს. ასევე, საბაჟოზე ავიღე 2 900 ლირა გადასახადის ანაზღაურების სახით,“ – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა მოქალაქემ.

თურქეთიდან „სატელეფონო ტურიზმის“ ფონზე საქართველოდან თურქეთში „სასურსათო და მედიკამენტების ტურიზმის“ ბუმია. ყოველდღიურად საქართველოს ასობით მოქალაქე გადადის თურქეთის რესპუბლიკაში სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტების და ტანსაცმლის შესაძენად, რომელიც თურქეთში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში.

_________________________

ამავე თემაზე: 

რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: