მთავარი,სიახლეები

ჩემი შვილი დიდია და ოჯახი ჰყავს – რატომ არ იბრძვის რუსეთის ელჩის შვილი უკრაინაში

28.11.2022
ჩემი შვილი დიდია და ოჯახი ჰყავს – რატომ არ იბრძვის რუსეთის ელჩის შვილი უკრაინაში
  • მინდა გკითხოთ, თქვენი შვილი იბრძვის უკრაინაში?
  • ჩემი შვილი უკვე დიდია. მას ოჯახი ჰყავს და ის არ იბრძვის უკრაინაში.
  • და როგორ იგრძნობდით თავს, ფრონტის წინა ხაზზე რომ აღმოჩენილიყო?
  • ამ მომენტში მე ეგეთ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგან მას სამხედრო სწავლება არასოდეს გაუვლია. მას შესაბამისი პროფესია არ აქვს, მაგრამ ცხადია, ასეთი რამ თეორიულად შეიძლებოდა მომხდარიყო.
  • ესე იგი, შეიძლება გაიწვიონ?
  • არა, ამ მომენტში არა, ეს პროცესი დასრულებულია. ჩვენ გვჯერა, რომ უკვე საკმარისი ძალა გვყავს იმ ტერიტორიის დასაცავად, რომელიც ახლა რუსეთის ნაწილია.

ეს არის ნაწყვეტი BBC-ის ინტერვიუდან, ჟურნალისტის შეკითხვებს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა უპასუხა.

კელინი ბრიტანეთში ელჩად 2019 წელს დაინიშნა, ის მანამდე რუსეთის დიპლომატიურ მისიებს რამდენიმე ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობდა. ანდრეი კელინს ორი შვილი ჰყავს – ქალ-ვაჟი.

შეკითხვა, რატომ არ იბრძვიან უკრაინაში თანამდებობის პირებისა და გავლენიანი რუსების შვილები იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციას განაგრძობს და უკრაინაში საომრად ათასობით მოქალაქეს უშვებს, ომის 9 თვის განმავლობაში არაერთხელ დაისვა.

რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების დღესვე „პოპულარული პოლიტიკის“ [არხი] წამყვანმა, დმიტრი ნიზოვცევმა პირდაპირ ეთერში პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შვილს ნიკოლაის, სამხედრო კომისარიატის თანამშრომლის სახელით დაურეკა და აცნობა, რომ მეორე დღეს, დილის 10 საათზე, სამხედრო კომისარიატში უნდა გამოცხადებულიყო.

„დილის 10 საათზე, ცხადია, ხვალ მე არ მოვალ. თუ ის იცით, რომ მე ბატონი პესკოვი ვარ, ისიც უნდა გესმოდეთ, რომ არც ისე მართებულია, რომ მე იქ ვიყო. მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ. მე საერთოდ უნდა გავერკვე, რა ხდება და რა უფლებები მაქვს…“ – უპასუხა ჟურნალისტს პუტინის პრესმდივნის შვილმა.

____

ვლადიმერ პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა, მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ იგეგმებოდა 300 000 რეზერვისტის გაწვევა.

21 სექტემბრის შემდეგ მობილიზაციის წინააღმდეგ გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია, ქვეყანა კი ასობით ათასმა მოქალაქემ დატოვა.

მობილიზაცია ნოემბრიდან ოფიციალურად დასრულებულია, თუმცა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოური სამთავრობო უწყებები აღნიშნავენ, რუსეთის ხელისუფლება რეზერვისტების გაწვევას ფარულად განაგრძობს, მობილიზაციის ტვირთი კი ძირითადად ქვეყნის ღარიბ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს აწვება. იმავე წყაროების თქმით, რუსეთი მობილიზაციას ახალი წლიდან განაახლებს, რადგან ქვეყნის მთავრობის მიერ შემუშავებული ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, უკრაინაში გამარჯვებისთვის მას 5 000 000 მობილიზებული სჭირდება.

უკრაინიდან და რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება მობილიზებულების ვიდეომიმართვები, რომლებშიც ისინი აუტანელ პირობებზე, ცუდ მომზადებაზე, პირადი აღჭურვილობის ნაკლებობაზე და სხვა პრობლემებზე საუბრობენ და ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლაზე უარს ამბობენ. პარალელურად, რუსეთის სხვადასხვა რეგიონული მთავრობების შენობებთან არ წყდება რეზერვისტების ოჯახის წევრებისა და ახლობლების საპროტესტო აქციები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: