მთავარი,სიახლეები

ერდოღანი ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

10.11.2022
ერდოღანი ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ქალაქ ხერსონიდან, „პოზიტიურ და მნიშვნელოვან ნაბიჯად“ აფასებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

სააგენტო Anadoly-ს ცნობით, ერდოღანმა უზბეკეთში გაფრენამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვა საკითხებთან ერთად ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და „მარცვლეულის დერეფანზეც“ ისაუბრა.

ერდოღანის თქმით, ანკარა არ წყვეტს თავის ძალისხმევას „კონფლიქტის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად“.

„ზუსტი თარიღის თქმა, როდის დასრულდება კონფლიქტი, ცხადია, შეუძლებელია. თუმცა რუსეთის ბოლო გადაწყვეტილება ხერსონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პოზიტიური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რამდენად ეფექტიანად მუშაობს „მარცვლეულის დერეფანი“, ერდოღანმა უპასუხა, რომ ეს საკითხი მან პრეზიდენტ პუტინთან ბოლო სატელეფონოს საუბრისას განიხილა.

„ჩვენ ახლა ვაკვირდებით ამ პროცესს, თუმცა რომ არ გვქონოდა ურთიერთნდობა და პატივისცემა, ცხადია, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოხერხდებოდა. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო პოზიტიურ შედეგებს, მათ შორის ამ (მარცვლეულის) საკითხში,“ – თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ თუ პუტინი G20-ის სამიტს დაესწრება, მასთან პირადად შეხვედრისა და საუბრის საშუალება მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები დიალოგს ტელეფონით განაგრძობენ.

თურქეთის პრეზიდენტმა არაერთხელ შესთავაზა მხარეებს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში შუამავალი გამხდარიყო.

ცნობილია, რომ ერდოღანი მუდმივად ინარჩუნებს კავშირს როგორც პუტინთან, ისე უკრაინის ხელისუფლებასთან.

„მარცვლეულის შეთანხმების“ გარდა ერდოღანი ჩართული იყო უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლის პროცესში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: