მთავარი,სიახლეები

ზელენსკი და უკრაინელი ჟურნალისტები ნობელის პრემიის გამორჩეული კანდიდატები არიან – Reuters

04.10.2022
ზელენსკი და უკრაინელი ჟურნალისტები ნობელის პრემიის გამორჩეული კანდიდატები არიან – Reuters

ომი უკრაინაში ან კლიმატის ცვლილებები – სააგენტო Reuters-ის ცნობით, სავარაუდოდ, ამ ორი საკითხიდან ერთ-ერთს გამოეხმაურება ნობელის კომიტეტი 7 ოქტომბერს, როდესაც მშვიდობის პრემიის ლაურეატს გამოაცხადებს.

„წლევანდელმა ნობელის პრემიამ მშვიდობის დარგში შესაძლოა დაგმოს ომი უკრაინაში და პრემიის ლაურეატად აღიაროს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოპონენტები, ან მოხალისეები, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებიან, ან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბუკმეკერთა სიაში მოწინავე ადგილზეა.

წლევანდელმა პრემიამ შეიძლება ხაზი გაუსვას კლიმატის ცვლილებების მნიშვნელობას და გარემოს დამცველები დააჯილდოოს, მაგალითად, გრეტა ტუნბერგი – ან სრული სიურპრიზი მოაწყოს, როგორიც ნორვეგიის ნობელის კომიტეტს მანამდეც გაუკეთებია,“ – წერს სააგენტო Reuters-ი.

სააგენტოს ინფორმაციით, გამოცემა The Kyiv Independent-ი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლევანდელი ნობელის პრემიის გამორჩეული კანდიდატები არიან.

„ეს შეიძლება იყოს პრიზი ვინმესთვის უკრაინის შიგნით – ფაქტების მოძიებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის,“ – ამბობს ჰენრიკ ურდალი, ოსლოს მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. – „ეს ასევე შეიძლება იყოს პრიზი ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მეზობელ ქვეყნებში.“

ურდალი ასახელებს სვეტლანა ტიხანოვსკაიას ბელარუსიდან და ალექსეი ნავალნის რუსეთიდან, რომლებიც Reuters-ის ცნობით, წარდგენილნი არიან ნობელის პრემიაზე.

„ორივე მათგანი აკრიტიკებს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. ორივე მათგანი დემოკრატიის მტკიცე დამცველია და ძალადობას ებრძვის საკუთარ ქვეყანაში.“

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Reuters-ს ეუბნება, რომ ზელენსკისთვის მშვიდობის პრემიის მინიჭება, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ მან „აიღო სრული პასუხისმგებლობა ყველაზე საშიშ მომენტში, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება პრიზი უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც დღეს მშვიდობაში უმაღლეს ფასს იხდის.“

შარშან ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებმა, ფილიპინელ-ამერიკელმა მარია რესამ და რუსმა დიმიტრი მურადოვმა მიიღეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: