მთავარი,სიახლეები

ომი ლუგანსკის ან დონეცკის აღებიდან 3 თვეში დამთავრდება – პოდოლიაკი

29.09.2022
ომი ლუგანსკის ან დონეცკის აღებიდან 3 თვეში დამთავრდება – პოდოლიაკი

როდის და რა შემთხვევაში დამთავრდება ომი უკრაინაში – თავის შეფასებას ვიდეომიმართვის სახით აქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

ის ასახელებს ორ მთავარ ფაქტორს, რომლებიც ომის დასასრულებლად გადამწყვეტი იქნება.

„პირველი – ეს ტექნიკის რაოდენობაა, ჭურვების რაოდენობა. მეორე – ამ ორიდან რომელიმე ქალაქის დაცემა – ლუგანსკის ან დონეცკის,“ – ამბობს პოდოლიაკი და დასძენს, რომ თუკი უკრაინა ლუგანსკს ან დონეცკს დაიბრუნებს, ამის შემდეგ, ომის დასრულებას მხოლოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.

„ეს საბოლოოდ მოახდენს ყველაფრის პარალიზებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს, ისედაც ძლივს უჭირავთ და ეს საბოლოოდ ჩამოშლის. ლუგანსკის ან დონეცკის დაცემის შემდეგ, 3 თვე, სამთვე-ნახევარი და ომი დამთავრდება უკრაინის მთელი ტერიტორიის სრულად გათავისუფლებით, 1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – აცხადებს ზელენსკის მრჩეველი.

უკრაინის ხელისუფლებას დონბასის გათავისუფლების ვადები ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუსახელებია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კონტრშეტევა გააქტიურა და მისმა ძალებმა ნელა, მაგრამ მაინც დაიწყეს წინსვლა სულ მცირე ორი მიმართულებით – მდინარეების, ოსკილისა და სივერსკი დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროებზე.

„რუსეთი ამჯერად უფრო ძლიერ თავდაცვის ხაზს ქმნის, ვიდრე მანამდე, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ უკრაინელთა შეტევა პირდაპირ ემუქრებოდა ლუგანსკის ოლქის ნაწილებს ზუსტად იმ დროს, როდესაც იქ რუსეთთან შეერთების მიზნით დაწყებული „რეფერენდუმი“ სრულდებოდა,“ – წერდა უწყებს 28 სექტემბრის რელიზში.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავდა, რომ ლუგანსკის ოლქში ნებისმიერი ტერიტორიის „დაკარგვა“ რუსეთის საომარი სტრატეგიისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: