მთავარი,სიახლეები

მობილიზაციით კრემლმა აღიარა, რომ მოხალისეთა რესურსი ამოწურა – ბრიტანეთის დაზვერვა

22.09.2022
მობილიზაციით კრემლმა აღიარა, რომ მოხალისეთა რესურსი ამოწურა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებით, ვლადიმერ პუტინი სერიოზულ პოლიტიკურ რისკზე მიდის და ფაქტობრივად, აღიარებს, რომ რუსეთმა უკრაინაში წამსვლელ მოხალისეთა მთელი რესურსი ამოწურა.

უწყების 22 სექტემბრის რელიზის თემა სწორედ რუსეთში გუშინ გამოცხადებული მობილიზაციაა.

„21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა უკრაინაში თავისი „სამხედრო ოპერაციის“ მხარდასაჭერად. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ მოგვიანებით დააზუსტა, რომ მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

დიდი ალბათობით, რუსეთი სერიოზული ლოგისტიკური და ადმინისტრაციული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მაშინაც კი, თუ ამ 300 000 კაცს შეაგროვებს. სავარაუდოდ, მოსკოვი ეცდება ამ ძალებისგან შექმნას ახალი ფორმირებები, რომლებიც მომდევნო რამდენი თვის განმავლობაში ეფექტიან ბრძოლას ვერ შეძლებენ,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების შეფასებით, რუსეთის მოხალისეობის ნაწილში ეს „შეზღუდული მობილიზაცია“ კი უკიდურესად არაპოპულარული იქნება.

„პუტინი ძალიან დიდ პოლიტიკურ რისკზე მიდის იმ იმედით, რომ მისთვის ასე აუცილებელი სამხედრო ძალა შექმნას. ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, იმის აღიარებაა, რომ რუსეთმა უკრაინაში წასვლის მსურველ მოხალისეთა მთელი თავისი რესურსი ამოწურა,“ – ასკვნის უწყება.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ერთადერთი არაა, ვინც პუტინის „ნაწილობრივ მობილიზაციას“ ასე აფასებს.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ „ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში, უახლოეს თვეებში ომის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს და ვერ შეუშლის ხელს უკრაინის შესაძლებლობას გაათავისუფლოს მეტი ოკუპირებული ტერიტორია.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. რუსული წყაროების თანახმად, გუშინ რუსეთში 1300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. მათგან უმეტესობა – სულ მცირე 542  – სანქტ-პეტერბურგში, დაახლოებით 504 ადამიანი კი – მოსკოვში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: