მთავარი,სიახლეები

უკრაინის საკითხზე ნეიტრალიტეტი, რუსეთის ახალი იმპერიალიზმის მხარდაჭერაა – მაკრონი

21.09.2022
უკრაინის საკითხზე ნეიტრალიტეტი, რუსეთის ახალი იმპერიალიზმის მხარდაჭერაა – მაკრონი

ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინის მხარე დაიჭირონ, ახალი რუსული იმპერიალიზმის „თანამონაწილეები“ არიან – Politico-ს ცნობით, ასეთი განცხადებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა.

„ვინც დღეს ჩუმადაა, ემსახურება – თავისი ნების საწინააღმდეგოდ ან ფარულად გარკვეული მონაწილეობით – ახალი იმპერიალიზმის საქმეს,“ – თქვა მაკრონმა.

მისი აზრით, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც „იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქასთან დაბრუნებას“ ნიშნავს, მსოფლიო არჩევანის წინაშე დააყენა – „ომი თუ მშვიდობა“.

„მაშინ, როდესაც დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის საფრანგეთი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ცხადად აჩვენებენ ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ, აფრიკასა და აზიაში აგრესიაზე პასუხი უფრო თავშეკავებულია. ზოგიერთ ქვეყანას არ სურს ძალიან მკაცრად განსაჯოს რუსეთი“, – წერს Politico და იხსენებს აპრილში გაეროში კენჭისყრას, როდესაც 58-მა ქვეყანამ მათ შორის ინდოეთმა, ბრაზილიამ, სამხრეთ აფრიკამ და ინდონეზიამ თავი შეიკავეს და ხმა არ მისცეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის რეზოლუციას.

საფრანგეთის პრეზიდენტი აფრთხილებს მათ, ვისაც დღეს „ნეიტრალიტეტის“ პოზიცია უჭირავს.

„დღეს მინდა ძალიან ცხადად ვთქვა: ისინი, ვინც უარს ამბობენ, ცხადად გამოხატონ პოზიცია, შეცდომას უშვებენ და ამისთვის მათ ისტორიული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ,“ – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ საფრანგეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და ასევე დააფინანსებს უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას სომალიში.

გუშინ აშშ-ის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რომელიმე მხარისადმი მხარდაჭერით რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დასრულდება: „თუ ჩვენ ვაპირებთ, ვიპოვოთ გამოსავალი, ჩვენ ამ გამოსავალს ვერ მივაღწევთ რომელიმე მხარეს დადგომით. ჩვენ არ ვაპირებთ ერთი ლიდერის დაცვას. ამის სანაცვლოდ ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, რომელიც ამ ვითარებაში ჩართულ ყველა მხარეს დააკმაყოფილებს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: