მთავარი,სიახლეები

რუსეთი ფრთოსან რაკეტებსა და მოიერიშეებში 90-იანი წლების ტექნოლოგიებს იყენებს – ექსპერტები

05.09.2022
რუსეთი ფრთოსან რაკეტებსა და მოიერიშეებში 90-იანი წლების ტექნოლოგიებს იყენებს – ექსპერტები

გამომძიებლები, რომლებმაც რუსეთის უახლესი ფრთოსანი რაკეტები და მოიერიშე შვეულმფრენები შეისწავლეს, გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ შეიარაღებაში ადრეული მოდელებიდან ამოღებული, ათობით წლების წინანდელი ტექნოლოგიებია გამოყენებული.

ეს მიგნებები დეტალურადაა აღწერილი Conflict Armament Research-ის ახალ ანგარიშში. ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც ომებში გამოყენებულ იარაღსა და აღჭურვილობას სწავლობს, უკრაინის ხელისუფლების მიწვევით, რუსული შეიარაღების დასათვალიერებლად, ივლისში უკრაინაში იმყოფებოდა.

როგორც The New York Times-ი წერს, ანალიტიკოსებისთვის უდიდესი მოულოდნელობა აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ რუსეთი თავისი ფართოდ გარეკლამებული მაღალი სიზუსტის იარაღისთვის 90-იანებისა 2000-იანი წლების ტექნოლოგიებს იყენებს, რის გამოც ეს იარაღი ნაკლებად ზუსტი ხდება.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსულ შეიარაღებაში ჩაყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ღია საწყისი კოდი აქვს, რაც ძალიან ამარტივებს იარაღის კოპირებას იმ შემთხვევაში, თუ მისი ნარჩენები მოწინააღმდეგის ხელში მოხვდება.

როგორც დამოუკიდებელი ჯგუფის ანგარიშშია აღნიშნული, რუსული შეიარაღების ნარჩენების შესწავლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ რუსეთი გამუდმებით უვლიდა გვერდს ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

როგორც ირკვევა, უახლესი რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და მოიერიშე შვეულმფრენების კომპიუტერული ჩიპები დასავლური წარმოებისაა და გამოშვებულია 2014 წლის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთს დასავლეთმა სანქციები დაუწესა. გაურკვეველია, როგორ მიიღო რუსეთმა ეს ნახევარგამტარები.

ამ საქმეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო და ვაჭრობის დეპარტამენტი იკვლევენ.

სანქციების გამო, რუსეთი ტანკებში მაცივრების ჩიპებს იყენებს – აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: