მთავარი,სიახლეები

პეტერბურგში ივლისის შემდეგ მხოლოდ 100 მოხალისე მოაგროვეს უკრაინაში გასაგზავნად – ISW

29.08.2022
პეტერბურგში ივლისის შემდეგ მხოლოდ 100 მოხალისე მოაგროვეს უკრაინაში გასაგზავნად – ISW

რუსული მედიასაშუალებები, სავარაუდოდ, კრემლის დავალებით, აკრიტიკებენ სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორს, ალექსანდრ ბეგლოვს, რომელმაც უკრაინასთან ომში გასაგზავნად მოხალისეები ვერ შეაგროვა.

ამის შესახებ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს.

„კრემლმა, სავარაუდოდ, დაავალა მოსკოვთან მჭიდროდ დაკავშირებულ მედიასაშუალებებს, გააკრიტიკონ სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი იმის გამო, რომ მან მოხალისეთა ბატალიონებში ხალხი ვერ მიიზიდა.

ISW-ი მანამდეც წერდა, რომ პეტერბურგის ზოგიერთმა სამხედრო კომისარიატმა მოწვევა გაუგზავნა ყველა ადგილობრივ კაცს, რათა რეკლამა გაეწია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის. ამან ადგილობრივების კრიტიკა გამოიწვია და პეტერბურგის ხელისუფლება იძულებული გახდა, უარეყო, რომ წერილები მათი გაგზავნილი იყო,“ – ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების ცნობით, ადგილობრივ ხელისუფლებას სანკტ-პეტერბურგში მოხალისეთა 3 ბატალიონი უნდა შეექმნა: „ნევა“ „კრონშტადტი“ და „პავლოვსკი“, თუმცა ივლისის შემდეგ მხოლოდ 100 მოხალისე გამოჩნდა.

„ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ბეგლოვსა და მის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, რომ მათ არ გამოყვეს შესაბამისი რესურსები, არ გამოსცეს აუცილებელი ბრძანებები და არ აწარმოეს საინფორმაციო კამპანია მედიაში,“ – აღნიშნავს ISW-ი და დასძენს, რომ რუსეთის ქალაქებისა და ოლქების ადმინისტრაციები, როგორც წესი, დაინტერესებულნი არიან, პუტინს ასიამოვნონ და ყველა შესაძლო გზით უწევენ რეკლამას საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს.

ISW-ი იხსენებს, რომ ბეგლოვმა კრემლის კრიტიკა ადგილობრივი პრობლემების გამო ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაიმსახურა და ვლადიმერ პუტინისგან თებერვლის დასაწყისში შეხვედრაზე უარი მიიღო. სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა მოსკოვთან ურთიერთობების გამოსწორება იმით სცადა, რომ პეტერბურგი მარიუპოლის მფარველ ქალაქად დაასახელა.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, მოხალისეთა ბატალიონები „მოსკოვი“ და „პეტერგურგი“ არ არსებობს და სავარაუდოდ არც იარსებებს, „თუკი ასეთი ბატალიონები სადმე იქნება, მხოლოდ ქაღალდზე, სინამდვილეში კი მათ შემადგენლობაში შეიყვანენ იაკუტებს, ჩუვაშებს და რუსეთის მიერ თავის დროზე კოლონიზებულ სხვა ხალხებს“.

სააგენტო „უნიანი“ წერს, რომ მოსკოვისა და პეტერბურგის მცხოვრებლები უკრაინაში დაღუპულ სამხედროთა შორის თითქმის არ არიან.

უკრაინასთან ომისთვის რუსეთის 20 რეგიონში უკვე „მოხალისეთა“ 40 ქვედანაყოფი შექმნეს. მსურველთა მიღება რაზმებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაზაფხულიდან დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: