მთავარი,სიახლეები

რუსეთის არმიამ უკრაინაში მარტის შემდეგ დანიის ზომის ტერიტორია დაკარგა – ISW

25.08.2022
რუსეთის არმიამ უკრაინაში მარტის შემდეგ დანიის ზომის ტერიტორია დაკარგა – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, მარტის შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინაში იმაზე დიდი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე მთელი დანიაა და ბოლო 40 დღეში იმაზე ნაკლები დაიბრუნა, ვიდრე ანდორას ფართობია.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სერგეი შოიგუს გუშინდელი განცხადება, თითქოს რუსეთი „სპეცოპერაციის“ ტემპს განზრახ ანელებს, სწორედ ამ წარუმატებლობის გამო თავის მართლებას ჰგავს.

„მას მერე, რაც ერთგვარი პაუზის შემდეგ, 16 ივლისს, შეტევები განაახლეს, რუსეთის ძალებმა დაახლოებით 450.84 კმ2 დაიკავეს, დაახლოებით იმხელა ტერიტორია, რამხელაც ანდორაა*.  21 მარტის შემდეგ კი რუსეთის არმიამ 45 000 კმ2 დაკარგა – იმაზე მეტი, ვიდრე დანიის სახელმწიფოს ფართობია**.

როგორც ISW-მა მანამდეც აღნიშნა, რუსეთის ძალებს არ შეუძლიათ ტაქტიკური მიღწევები უფრო ფართო ოპერაციულ წარმატებად აქციონ, მათმა შეტევებმა უკრაინის აღმოსავლეთში კულმინაციას მიაღწია,“ – ნათქვამია ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში.

ISW-ის ცნობით, რუსეთის ძალებმა შეზღუდული სახმელეთო თავდასხმები განახორციელეს იზიუმის, ბახმუტის, დონეცკისა და ხერსონის მიმართულებებზე.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი 21 აგვისტოს ანგარიშში წერდა, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი ვერ შეძლებს ერთი რომელიმე შეტევითი ოპერაციისთვის საკმარისი რესურსების გამოყოფას და მეტი ტერიტორიის დაკავებას.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთში დაკარგა საბრძოლო იმპულსი, რომელიც ივლისის ბოლოს მოიპოვა.

 

*ანდორას ფართობი – 468 კმ²

**დანიის ფართობი – 42 951 კმ²

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: