ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს

21.08.2022
ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს

ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „ბონდი-2009“, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამის მომსახურებას 5 610 610 ლარად სთავაზობს.

ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთებზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები უნდა დაიწყოს. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე სანაპიროზე, ჯამში, 412 960 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ.

შტორმის შედეგად დანგრეული პრომინადი ბათუმის ახალ ბულვარში / 21.08.2022

სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, „ბონდი-2009“-ის მიერ გარკვეული დოკუმენტების დამატებით წარმოდგენის შემთხვევაში, მასთან ხელშეკრულება დაიდება.

სატენდერო კომისიის ოქმიდან:

  • „განხილვის შედეგად დადგინდა, რომ შპს – „ბონდი 2009“-ის მიერ არ არის წარმოდგენილი და საჭიროებს დაზუსტებას ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი. დაზუსტებას საჭიროებს, ასევე განფასებული ხარჯთაღრიცხვა სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის – 5 610 610 ლარის შესაბამისად.
  • კომპანიის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე. შესაბამისად, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
  • კომპანიამ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა.“

„ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის მითითებულ ვადებში წარმოუდგენლობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე თუ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც სამმართველომ კომპანიას გაუგზავნა.

ტენდერის პირობის მიხედვით, ხელოვნური პლაჟების შესაქმნელად ხრეშს სამ უბანზე [გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე] შეიტანენ:

  • პირველ უბანზე რეცხვადი ბერმის სიგრძე შეადგენს 325 მეტრს, მისი სიმაღლე +3 მეტრს, ხოლო სიგანე იცვლება 50 მეტრიდან 95 მეტრამდე. ამ უბანზე შეტანილი იქნება 120 000 კუბ. მ პლაჟწარმომქნელი მასალა;
  • მეორე და მესამე უბნები თითქმის ემიჯნება ერთმანეთს. აქ რეაცხვადი ბერმის სიგანე შედაგენს 86 მეტრს. ჯამურად ორივე უბანზე შეტანილი უნდა იქნას 292 960 კუბ. მ მასალა.

შტორმის შედეგად დანგრეული პრომინადი ბათუმის ახალ ბულვარში / 21.08.2022

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები, სამმართველოს მიერ წერილობითი დავალების გაცემიდან 150 დღეში უნდა დაასრულოს.

ტენდერი სამმართველოს 7 192 585 ლარით აქვს გამოცხადებული. მონაწილეობენ თუ არა ტენდერში „ბონდი-2009“-ის გარდა სხვა პრეტენდენტები, ამ ეტაპისთვის უცნობია.

ამავე თემაზე:

რა ელის ბათუმის პრომინადს, რომელიც შტორმმა ჩამოშალა – კვლევისთვის 19 700 ლარი გამოიყო 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: