მთავარი,სიახლეები

დაბომბეს ოლენოვკას კოლონია, სადაც „აზოველებიც“ იმყოფებოდნენ, 53 ტყვე დაიღუპა

29.07.2022
დაბომბეს ოლენოვკას კოლონია, სადაც „აზოველებიც“ იმყოფებოდნენ, 53 ტყვე დაიღუპა

რუსეთმა 29 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია დონეცკში, ოლენოვკის კოლონიაზე თავდასხმის შესახებ. ეს ის კოლონიაა, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოვის“ მებრძოლები იმყოფებიან.

რუსეთის თავდაცვა აცხადებდა, რომ „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ჰაიმარსებით“ დამიზნებით დაარტყეს იმ ადგილს, სადაც უკრაინელი სამხედროები იყვნენ, რათა გაეჩუმებინათ ტყვეები, რომლებმაც „ჩვენებების მიცემა დაიწყეს“.

რუსული მედია სულ მცირე 53 დაღუპულ და 75 დაჭრილ სამხედროზე იუწყება.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ოლენოვკის კოლონიაზე თავდასხმა უარყო და რუსეთის ქმედება მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა. გენშტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიზანი ტყვეების წამებისა და მკვლელობის ფაქტების დაფარვა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებაა.

დაზვერვის წყაროებმა უკრაინულ მედიას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საარტილერიო ცეცხლი ოლენოვკის მიმართულებით რუსეთის მხრიდან დაფიქსირდა.

კიდევ ერთმა წყარომ დაზვერვიდან „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები ზუსტად რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს კოლონიის იმ ნაწილში, რომელზე თავდასხმაც დღეს მოხდა.

„იქ უშუალოდ „აზოვის“ მებრძოლები იმყოფებოდნენ, ისინი დღევანდელ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს“ – უთხრა წყარომ გამოცემას.

ოლენოვკის კოლონიაში უკრაინელი სამხედროები 16-17 მაისს გადაიყვანეს, როდესაც მათ „აზოვსტალი“ დატოვეს.

მთავარი ფოტო: ოლენოვკა, თავდასხმის ადგილი/ ფოტო: სქრინი ვიდეოდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: