მთავარი,სიახლეები

ბაირაქტარის საყიდლად უკრაინელმა ტელეწამყვანმა ერთ დღეში 12 მილიონი დოლარი შეაგროვა

23.06.2022
ბაირაქტარის საყიდლად უკრაინელმა ტელეწამყვანმა ერთ დღეში 12 მილიონი დოლარი შეაგროვა

უკრაინელმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა სერგი პრიტულამ, თავის გუნდთან ერთად, აქცია „ხალხის ბაირაქტარი“ გუშინ, დილის 9 საათზე დაიწყო. მიზანი საბრძოლო დრონის შესაძენად ფულის შეგროვება იყო.  23 ივნისს, დილის 9 საათზე, ფონდის ანგარიშზე უკვე 296 მილიონი გრივნა მოგროვდა.

„ჩვენ ფულის შეგროვება დავიწყეთ „ხალხის ბაირაქტარისთვის“. კარგად გვესმოდა რა ბიუჯეტს ვეჭიდებოდით, მაგრამ გვესმოდა ისიც, თუ როგორ შეგვეძლო გაგვეძლიერებინა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები.
თქვენ 296 000 000 შემოგვწირეთ.
ამას თუ დავამატებთ იმ თანხას, რომელიც ჩვენმა ფონდმა ამ პროექტისთვის გამოყო, ახლა სულ 366 000 000 გრივნა გვაქვს.
რაც უკვე ორ ბაირაქტარს ნიშნავს!!!
ერთდროულად ორს!!!
თქვენ რაღაც საოცარს აკეთებთ და ისტორიას ქმნით!
წინ მესამე საფრენი აპარატია!“ – წერს სერგი პრიტულა თავის ფეისბუქგვერდზე.

სერგი პრიტულა/ფოტო: ფეისბუქგვერდიდან

ბაირაქტარ TB2-ს, თურქული წარმოების უპილოტო საბრძოლო საფრენ აპარატს, უკრაინის „იმედის იარაღსაც“ უწოდებენ. დრონი 2015 წლიდან გამოიყენება, მას ჰაერში დაახლოებით 24 საათი გაჩერება და 7 კილომეტრის სიმაღლიდან 2,5-დან 37,5 კილოგრამამდე მართვადი საბრძოლო მასალის მიზანში სროლა შეუძლია.

366 მილიონი გრივნა დაახლოებით 12 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარია. ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ფასი კი დაახლოებით 5 მილიონი ევროა.

უკრაინისთვის ბაირაქტარის საყიდლად ივნისში  თანხის შეგროვება დაიწყო ლიეტუველმა მწერალმა და ჟურნალისტმა ანდრიუს ტაპინასმა. თუმცა მას შემდეგ, რაც თანხის შეგროვების აქცია დასრულდა, დრონების მწარმოებელმა თურქულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ლიეტუველებს ბაირაქტარს უფასოდ გადასცემდა.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თქმით, გადაწყდა, რომ შეგროვილი ფულით, რომელიც ლიეტუველებს დრონში უნდა გადაეხადათ, ამავე საფრენი აპარატისთვის საჭირო საბრძოლო მასალას შეიძენდნენ, დარჩენილი ფულით კი ასევე უკრაინას დაეხმარებოდნენ.

მთავარი ფოტო: აქციის ბანერი/ფოტო: სერგი პრიტულას ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: