მთავარი,სიახლეები

აშშ-ის დაზვერვის 3 ჩინოსნის თანახმად პუტინს კიბო აქვს, უსაფრთხოება არ ადასტურებს – Newsweek 

03.06.2022
აშშ-ის დაზვერვის 3 ჩინოსნის თანახმად პუტინს კიბო აქვს, უსაფრთხოება არ ადასტურებს – Newsweek 

აშშ-ის დაზვერვის მაისის ანგარიშის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს კიბოს უკანასკნელი სტადია აქვს და მან აპრილში მკურნალობის კურსი გაიარა. ამერიკული Newsweek-ი წერს, რომ ეს ინფორმაცია გამოცემას დაუდასტურა დაზვერვის სამმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც ანგარიშს იცნობენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირები, რომლებიც დაზვერვის სამ სხვადასხვა სააგენტოს წარმოადგენენ, შეშფოთებულნი არიან, რომ თავისი მდგომარეობის გამო, პუტინი მთელი ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს არაპროგნოზირებადს ხდის. მეორე მხრივ, მათი თქმით, არსებულ ვითარებაში, ბირთვული ომის საფრთხე ნაკლებად სავარაუდოა.

ეს პუტინის ჯანმრთელობაზე დაზვერვის უკვე მეოთხე ანგარიშია, თუმცა უცნობია, როდის მომზადდა პირველი სამი. მეოთხე ანგარიში, Newsweek-ის ცნობით, ორი კვირის წინ მომზადდა და მასში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სასიკვდილოდ ავადაა.

გამოცემის წყაროები მიუთითებენ, რომ რუსეთის ლიდერის იზოლაცია აშშ-ის დაზვერვისთვის მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კიდევ უფრო დაზუსტებული ცნობების მოპოვებას ძალიან ართულებს.

„რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ იქ არის მთელი აისბერგი, თუმცა ის მთლიანად ნისლშია,“ –  ეუბნება Newsweek-ს ერთ-ერთი თანამდებობის პირი.

„პუტინი ნამდვილად ავადაა… მალე მოკვდება თუ არა, ეს უკვე სპეკულაციაა. ის ჯერ კიდევ საშიშია და თუკი მოკვდება, მერეც ქაოსი იქნება. ამაზე უნდა ვფოკუსირდეთ და ვიყოთ მზად“, – უთხრა გამოცემას კიდევ ერთმა წყარომ, სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანმა.

დოკუმენტებში საუბარია იმაზეც, რომ პუტინზე მარტში თავდასხმა განხორციელდა.

გამოცემის ცნობით, დაზვერვამ გაანალიზა საჯარო გამოსვლებისა და შეხვედრების დროს პუტინის ქცევა, რომელიც, მათი თქმით, ადასტურებს, რომ კრემლის ლიდერი მართლაც ავადაა.

Newsweek-ი ასევე აქვეყნებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომენტარს, რომელიც გამოცემამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წერილობით მიიღო და მასში მოგვიანებით ჩაამატა – „ცნობები, რომ დაზვერვის მსგავსი შეფასებები არსებობს ან ისინი წერილობითი სახით მომზადდა პრეზიდენტისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება“.

რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე საერთაშორისო მედიაში არაერთხელ დაიწერა. 28 მაისს ტაბლოიდურმა გამოცემა Mirror-მა გამოაქვეყნა მასალა რუსეთის ეფ-ეს-ბეს ოფიცერზე დაყრდნობით. მედიასაშუალების წყარო იუწყებოდა, რომ პუტინს კიბოს მძიმე და სწრაფად პროგრესირებადი ფორმა აქვს. სტატიაში ნათქვამი იყო, პუტინი კარგავს მხედველობას და ვერ იჩერებს კიდურების კანკალს.

იგივე ინფორმაცია გაავრცელა მაისის დასაწყისში კრემლთან დაახლოებულმა ოლიგარქმაც, რომლის კომენტარებიც ასევე Mirror-მა გაავრცელა.

კიდევ ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ, Independet-მა გამოაქვეყნა MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სერ რიჩარდ დირლავის ვარაუდი, რომ „2023 წლისთვის, პუტინი არა ხელისუფლებაში, არამედ სანატორიუმში იქნება“.

მსგავსი კომენტარები ბრიტანეთის დაზვერვის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამდებობის პირმა, კრისტოფერ სტილმაც გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის ლიდერი სულ უფრო ხშირად ტოვებს შეხვედრებს სამედიცინო დახმარების მისაღებად.

„უშიშროების საბჭოს შეხვედრები, რომლებიც, როგორც წესი, თითქმის მთელი საათი გრძელდება ხოლმე, ახლა რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. პუტინს მუდმივად თან ახლავს ექიმების ჯგუფი“, – უთხრა LBC რადიოს კრისტოფერ სტილმა, რომელიც 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მომზადებული დოსიეს ავტორია.

პუტინის ჯანმრთელობაზე სპეკულაციების მიზეზად მისი შეხვედრების რამდენიმე ვიდეოჩანაწერი იქცა. Independent-ი იხსენებს პუტინის შოიგუსთან შეხვედრას და აღნიშნავს, რომ 12 წუთის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი მაგიდას ეჭიდებოდა. ტაჯიკეთის და ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრისას კი გაუჩერებლად ამოძრავებდა ფეხს.

პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მასზე თავდასხმაზე გავრცელებულ ცნობები, „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა. ის აღნიშნავდა, რომ პუტინის მოკვლა ნამდვილად სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: