მთავარი,სიახლეები

რამდენს იხდიან წელს თურქეთში ჩაის კრეფაზე?

25.05.2022
რამდენს იხდიან წელს თურქეთში ჩაის კრეფაზე?

„ჩაის კრეფა ტონაზე 2000 ლირამდე გაძვირდა. გასულ წელს 1200 ლირას ვიხდიდით,“ – ამბობს თურქეთში, დემირისარში მცხოვრები ერჰან ქოსიოღლუ. მას ჩაის პლანტაცია აქვს და მკრეფავებს დღე-დღეზე ისევ საქართველოდან ელოდება.

ჩაის კრეფის სეზონი უკვე დაიწყო. ასეულობით ადამიანი საქართველოდან წელსაც თურქეთში მიდის ჩაის საკრეფად.

ქართველი მკრეფავების თქმით, თურქული ლირა ისე გაუფასურდა, ჩაის კრეფაში გასულ წელს რასაც უხდიდნენ, წელსაც დაახლოებით იგივე გამოუვათ ლარში, ხოლო გაძვირებული საკვები პროდუქტის შეძენა საქართველოში კიდევ უფრო გაუჭირდებათ.

„წელს ტონა ჩაის ვაბარებთ უკვე 6550 ლირად, მკრეფავებს კი ვუხდით 2 ათას ლირას,“ – გვიყვება ერჰან ქოსიოღლუ. – „თუმცა ძირითადად დღიურ შრომაზე ვთანხმდებით. ზოგი 400 ლირას უხდის მკრეფავს, ზოგი – 450 ლირას, მე დღეში 500 ლირას ვუხდი და კვება მთლიანად მათია. წელსაც საქართველოდან ჩამოვლენ ჩემთან ბიჭები, ერთი და იგივე ხალხი მუშაობს ჩემთან“.

„გამოდის, უფრო ნაკლებს გვიხდიან, რადგან ლირა გაუფასურებულია, საკვები კი, ყველგან გაძვირდა,“ – გვითხრა გოჩა გიორგაძემ. მან ჩაილერში დაიწყო უკვე ჩაის კრეფა და დღეში 450 ლირას უხდიან. მას სადილით უმასპინძლდებიან.

„ბევრი აღარ გადმოდის საქართველოდან, პოლონეთში არჩიეს წასვლა, მაგრამ იქაც არაფერი გამოდის უკვე და უკან ბრუნდებიან, გადმოვლენ ალბათ ისევ თურქეთში სამუშაოდ, ჩაის კრეფის სეზონი ახლა იწყება აქ,“ – გვითხრა გოჩა გიორგაძემ.

თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი იწყება, ერჰან ქოსიოღლუს ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.