ახალი აგროკრედიტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 პროცენტით დაფინანსდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 21 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, აგროკრედიტების მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს 18 პროცენტი.
„ფერმერებს საშუალება ექნებათ ერთწლიანი კულტურებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი, დააფინანსებენ საბრუნავ სახსრებს და ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: სათესლე მასალის შეძენა, საწვავი, ტექნიკის დაქირავება,“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ასევე 80 პროცენტით დააფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნას. პროექტი ამ შემთხვევაში კოოპერატივის მიერ უნდა იყოს შემუშავებული.


