მთავარი,სიახლეები

ბათუმში „მარშუტკით“ მგზავრობის გაძვირებას საკრებულოს გვერდის ავლით ცდილობენ

28.12.2021
ბათუმში „მარშუტკით“ მგზავრობის გაძვირებას საკრებულოს გვერდის ავლით ცდილობენ

„მგზავრობის ტარიფის გაზრდა ახალი წლიდან გარდაუვალია, სხვანაირად არ გამოვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „ჯორჯია ტრანსის“ ხელმძღვანელი ნუგზარ ფარტენაძე. ამ კომპანიაში 500-მდე მიკროავტობუსის მძღოლი მუშაობს. 500-ვეს გამოკრული აქვს განცხადება იმის შესახებ, რომ „პირველი იანვრიდან მგზავრობის ტარიფი 70 თეთრი იქნება“.

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ტარიფს საკრებულო განსაზღვრავს, მაგრამ ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულო ვერ იკრიბება. ამ ვითარების მიუხედავად, მძღოლებს იმედი აქვთ, რომ მგზავრობის ტარიფის გაზრდას თვითნებურად, საკრებულოს გვერდის ავლით და მერიის ირიბი ხელშეწყობით შეძლებენ.

„თვეების წინ მივიღეთ მერიისგან დაპირება, რომ მგზავრობის ტარიფი გადაიხედებოდა არჩევნების შემდეგ, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულდა. ახლა მძღოლებმა თვითნებურად გამოაკრეს ეს განცხადება, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვეუბნებით, ვითარება რთულია,“ – ამბობს ნუგზარ ფარტენაძე.

ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა და საპროტესტო აქცია ბოლო წლებში არაერთხელ გამართეს, თუმცა ბათუმის მუნიციპალიტეტს მგზავრობის ტარიფის – 50 თეთრის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

„მძღოლები ცუდ დღეში არიან, აქციებით იმუქრებიან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მიკროავტობუსების კიდევ ერთი მსხვილი კომპანიის, „აჭარტრანსრეგულირების“ ხელმძღვანელი  მალხაზ თურმანიძე. მისი კომპანია 215 მძღოლს აერთიანებს. კომპანიის დირექტორს ვკითხეთ, რამდენი მძღოლი დაჯარიმდა მუნიციპალური ინსპექციისგან იმის გამო, რომ მგზავრობის ტარიფი თვითნებურად გაზარდა.

„როგორც ვიცი, სამი თუ ოთხი მძღოლი დააჯარიმეს 100-100 ლარით. კომპანიას ვერ დაგვაჯარიმებენ, რადგან იმ განცხადებაზე ჩვენი ბეჭედი არ არის, ეს არ არის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება,“ – გვიპასუხა მალხაზ თურმანიძემ.

„როგორც ვიცი, ჯერ არავინ დაუჯარიმებიათ ჩვენთან“ – იმავე კითხვას ასე უპასუხა ნუგზარ ფარტენაძემ, ვის კომპანიაშიც 500-მდე მძღოლი მუშაობს.

რამდენი მძღოლი და რამდენი კომპანია დაჯარიმდა ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის? – კონკრეტული ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში, რომლის სამართლებრივი რეაგირებაც ამ მოცემულობაში ერთადერთი ბერკეტია იმისთვის, რომ მგზავრობის ტარიფი ბათუმში თვითნებურად არ გაიზარდოს.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ზოგადად, აჯარიმებენ მძღოლებს და კომპანიებსაც.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს მუნიციპალური ინსპექცია მგზავრობის თვითნებურად გაზრდის გამო ინტენსიურად დააჯარიმებს?

„თუ დააჯარიმებენ, გაჩერდებიან და აღარ გამოვლენ საერთოდ სამუშაოდ, სხვა რა იქნება? ისედაც, მძღოლების დაახლოებით 40 %-მა მუშაობა შეაჩერა. დღეში 20 – 25 ლარი გამოსდიოდათ და ეს ტრანსპორტის მომსახურებას არ ჰყოფნიდა, საბურავს და აკუმულატორს ვერ ყიდულობენ.

აქციების დროს ჩვენი მოთხოვნა იყო, მგზავრობა გაზრდილიყო 80 თეთრამდე და დაეთვალათ, კალკულაცია გაეკეთებინათ შესაბამის სამსახურებს, რეალურად რა მოგება რჩებათ მძღოლებს. რადგან ეს არავინ გააკეთა, მძღოლებმა მგზავრობის 70 თეთრამდე გაძვირების გადაწყვეტილება მიიღეს,“ – გვითხრა ნუგზარ ფარტენაძემ, კომპანია „ჯორჯია ტრანსის“ ხელმძღვანელმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: