მთავარი,სიახლეები

„ლავას ოღლის“ ახლობლების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება

15.02.2016
„ლავას ოღლის“ ახლობლების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს ბ.ი.-ის საქმეზე მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. ბ.ი. ე.წ. კანონიერი ქურდის – მინდია გ.-ს, მეტსახელად „ლავას ოღლის“ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელია. სამართალდამცველებმა ბ.ი. ნარკოტიკების შენახვა-ტარების გამო გასული წლის სექტემბერში დააკავეს. 2015 წლის სექტემბერში პოლიციამ იმავე ბრალდებით „ლავას ოღლის“ კიდევ 4 ახლობელი დააკავა ზედიზედ, მათ შორის, სამს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების გარდა, ბ.ი.-ს პროკურატურა ვაზნებისა და ცივი იარაღის ტარებასაც ედავება, რომელიც გამოძიების ცნობით, ბ.ი.-ს 2013 წლის 4 აგვისტოს აღმოაჩნდა. „პოლიციელების ჩვენებამ აჩვენა, რომ ეს იყო ფაქტობრივად ჩხრეკა  და არა შემოწმება. ჩხრეკას კი უნდა ჰქონოდა გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთება და სასამართლოს ნებართვა. ეს უკანონო ჩხრეკა იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“  ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. ის პროკურატურისგან ასევე მოითხოვს პასუხს, რატომ წაუყენა პროკურატურამ ბრალი ბ.ის დაახლოებით ორი წლის დაგვიანების შემდეგ.

„თქვენ დასკვნაში მიუთითებთ, რომ ბ. ი.-გან ამოღებული დანა მიეკუთვნება ცივი იარაღის კატეგორიას. საიდან იცით, რომ ის იარაღი, რომელზეც დასკვნა დადეთ, ნამდვილად ბ. ი.-სგან ამოიღეს?“ – ეს კითხვა ბრალდებულის ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე შსს-ს კრიმინალისტური სამსახურის მთავარ ექსპერტს დაუსვა, რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა. „ვალდებული ვიყავი, მეპასუხა გამომძიებლის შეკითხვისთვის და ვუპასუხე. მე მხოლოდ იარაღის კატეგორია განვსაზღვრე” – თქვა ექსპერტმა.

ბ.ი.-ს გამოძიება ნარკოტიკული საშუალება „AB CHMINACA“-ს მოხმარებასაც ედავება. „გაოცებული ვარ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით: მან განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა და პირს, რომელსაც AB CHMINACA-ს მოხმარებას ადასტურებს,  წინასწარ პატიმრობაში ტოვებს,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავას ოღლი“ 2016 წლის 30 იანვარს დააკაავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.  შსს-ს ცნობით, ის სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: