მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია „სტრატეგიულ ადგილას“, ჭავჭავაძის ქუჩაზე სერვისცენტრს ყიდის

03.08.2021
ბათუმის მერია „სტრატეგიულ ადგილას“, ჭავჭავაძის ქუჩაზე სერვისცენტრს ყიდის

ბათუმის მერია ყიდის ფართობს, სადაც მერიის სერვისცენტრი ფუნქციონირებს. ქალაქის ცენტრში, როგორც ბათუმის საკრებულოს წევრებმა უწოდეს „სტრატეგიულ ადგილზე“, 107,30 კვ.მეტრ ფართობს პირობიანი აუქციონის წესით ყიდიან.

მერია აცხადებს, რომ ბათუმში, ჭავჭავაძის #75-ში მდებარე შენობა „მოძველებულია, არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს“ და ახალ შენობას სერვისცენტრის მოსაწყობად სხვაგან ააშენებენ.

მერიაში ასევე განმარტეს, რომ ამ უძრავი ქონების პრივატიზებით ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  თანხის მობილიზება მოხერხდება: „რაც შექმნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ახალი სერვისცენტრების მშენებლობის დაჩქარების დამატებით შესაძლებლობებს“.

მერიის განმარტებით, „მოძველებულ შენობას“ აუქციონის წესით გაასხვისებენ. აუქციონის პირობად ჩაიწერება, რომ ქონების შემძენმა ფართობის დაცლა არ უნდა მოითხოვოს, ვიდრე მერია თავის თანამშრომლებს „მოძველებული შენობიდან“ ახალაშენებულ შენობაში არ გადაიყვანს, ან თუ მოითხოვს, მაშინ მერიას სერვისცენტრისთვის ფართობი უნდა დაუქირავოს, ვიდრე ახალი სერვისცენტრის მშენებლობა არ დასრულდება.

სერვისცენტრისთვის ახალი ოფისის მშენებლობის დასრულების ვადად მერიას 2022 წლის 31 დეკემბერი აქვს მითითებული.

„ნამყოფი ვარ მაქ, შენობა ნამდვილად ავარიულია და რადგან სტრატეგიულ ადგილზეა, კარგი იქნება თუ ძვირად გაიყიდება“ – თქვა დღეს სხდომაზე, საკრებულოს წევრმა ზურაბ ნაკაიძემ. თუმცა მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობა ავარიული არ არის.

ამ საკითხზე კითხვა მხოლოდ ნატალია ძიძიგურს ჰქონდა: „მაქ ალბათ აშენდება და გვერდით მცხოვრებლები ამაზე რას ფიქრობენ?“ – ამ კითხვის პასუხად საკითხის მომხსენებელმა თქვა ის, რაც არც განკარგულების პროექტში და არც განმარტებით ბარათში არ წერია.

„ჩვენი ფართობი მხოლოდ 101 კვადრატული მეტრია და სხვა მესაკუთრეებთან გაერთიანების გარეშე იქ ფიზიკურად ვერ აშენდება“, – განაცხადა მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა.

„მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ გასაყიდი მიწის მეზობლად არსებული ნაკვეთების მეპატრონეებთან შეთანხმებით“ – მსგავსი პირობით ქონების გაყიდვა დამკვიდრებული პრაქტიკაა.

არსად წერია და არც მერიას განუმარტავს, ვინ არის დაინტერესებული კონკრეტული ადგილის შეძენით.

ჭავჭავაძის #75-ში მდებარე ნაგებობა ჯამში 558 კვ.მეტრია. რეესტრის მონაცემებით, აქ მცირე ზომის ფართობები 20-მდე მესაკუთრეს აქვს გადანაწილებული. ყველაზე დიდი ფართობი კი მერიას ეკუთვნის.

შენობის გაგრძელებაზე 15-სართულიანი კორპუსია აშენებული. თუ აქ იმავე მასშტაბის მშენებლობა დაიგეგმება, ფაქტობრივად გარემო შეეცვლება აქვე მდებარე საბავშვო ბაღის შენობას და მის ეზოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: