მთავარი,სიახლეები

„მაქვს სისხლნაჟღენთები“ – გენრი დოლიძე პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

04.04.2021
„მაქვს სისხლნაჟღენთები“ – გენრი დოლიძე პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

დღეს, 4 აპრილს, სასამართლომ გაათავისუფლა გუშინ, გვიან ღამით „სირცხვილიას“ ოფისში დაკავებული აქტივისტები, მათ შორის გენრი დოლიძე.

გუშინ, 3 აპრილს, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გაიმართა აქცია ბათუმსა და თბილისში. სწორედ ამ აქციის  დროს სამი აქტივისტი დააკავეს.

გენრი დოლიძე ამბობს, რომ სასამართლო სხდომაზე პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდული იყო.

„ხვალ გაგრძელდება პოლიციელების დაკითხვა. ვინც გამოაგზავნეს, ის პოლიციელი საერთოდ ადგილზე არ იყო და ვერც ხვდებოდა მე შიგნით დამაკავეს თუ გარეთ. მაგ ეტაპზე შენობაში არ ვყოფილვარ, მოვყევი ჩემს მეუღლეს, რომელიც აშუქებდა როგორც ჟურნალისტი ამ აქციას,“ – ამბობს გენრი დოლიძე.

მისივე თქმით, მან დაკავებისას დაზიანებები მიიღო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე მიმართა:

„სისხლნაჟღენთები მაქვს მრავლობითი და ნაკაწრები. წინასწარი დაკავების საკანში მოვიდა სასწრაფო დახმარების სამსახური, შედგა დათვალიერების აქტი. ახლა ჩამოდის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და უკვე მათთან მექნება კომუნიკაცია“.

გენრი დოლიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა:

„ეს მაშინ როცა, არის ლაივები… ჩემს მეუღლეს ჰქონდა ლაივი ფეისბუქზე მედიაპლატფორმიდან, თმებით ითრია პოლიციელმა, ძირს დააგდო და ტელეფონი გაუტეხა, რომ ლაივი შეეწყვიტა, რადგან მართლა არაადამიანურად ექცეოდნენ ირაკლი კუკანიას.

ამ ფაქტზე მოვახდინე მე რეაგირება და მოვითხოვე ბოდიშის მოხდა და ხმა როგორც კი ამოვიღე, ვინ მაცალა პრეტენზიების გაცხადება, ეგრევე დამაკავეს და უკან ხელებგადაგრეხილს წინ მიმიძღოდა მთელი ჯგუფი და ცემა-ცემით ჩამსვეს მანქანაში,“ – ამბობს გენრი დოლიძე.

ბათუმში აქტივისტები, რომლებიც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ, 4 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. სულ დაკავებული იყო სამი ადამიანი: გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და „გირჩის“ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია, რომელიც მალევე გაათავისუფლეს ხელწერილით.

ირაკლი კუკანია ამბობს, რომ დაკავებისას მას ფეხები ურტყეს და დაზიანებები აღენიშნება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: