განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმისა და ქობულეთის სკოლებში 2 418 მოსწავლე ონლაინ ისწავლის

08.02.2021
ბათუმისა და ქობულეთის სკოლებში 2 418 მოსწავლე ონლაინ ისწავლის

აჭარაში დისტანციური სწავლების ფორმატზე დარჩენა 2 418-მა მოსწავლემ ისურვა. მათ გაკვეთილები ონლაინში დღეიდან, 8 თებერვლიდან ჩაუტარდებათ. უკვე ერთი კვირაა, რაც აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. მანამდე თითქმის ერთი წელი ბავშვებს გაკვეთილები ონლაინ უტარდებოდათ.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურად სწავლას ბათუმში 25 საჯარო სკოლაში 2 350 ბავშვი გააგრძელებს , ქობულეთში კი  – სამ საჯარო სკოლაში 68 მოსწავლე.

სკოლის შენობებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ ზოგიერთმა მშობელმა უარი თქვა შვილების სკოლაში გაშვებაზე, კორონავირუსის საფრთხის გამო.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მშობელი დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ მის შვილს კერძო სკოლა დისტანციურ ფორმატზე სწავლის გაგრძელებას არ თანხმდება.

ერთ-ერთი კერძო სკოლის – „გორდას“ დირექტორმა, ნინო მურვანიძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ დისტანციურზე გადასვლას თავისი წესები აქვს. „მშობელმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ სურს დისტანციურზე დარჩეს მისი შვილი, რადგან უნდა დავუსაბუთო [სკოლამ] სამინისტროს. ჩემთვის, მაგალითად, ჯერჯერობით განცხადებით არც ერთ მშობელს არ მოუმართავს“, – ამბობს ნინო მურვანიძე.

აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ კერძო სკოლებში ეს საკითხი სკოლის ადმინისტრაციასა და მშობელს შორის ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყდეს. „როგორც ვიცით, ბევრმა კერძო სკოლამ შესთავაზა მშობლებს სწავლების ჰიბრიდული მოდელი. ისინი ერთად წყვეტენ სწავლების მოდელს“, – გვითხრეს სამინისტროში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წელს ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში 34 651 მოსწავლე სწავლობს,  სულ აჭარის სკოლებში კი  – 61 273 მოსწავლე.

___

განათლების სამინისტრომ არჩევანის შესაძლებლობა მხოლოდ ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს მისცა, სოფლად მცხოვრები ბავშვები კი ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საკლასო ოთახებში.

ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციული უწოდა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელიც სოფელ ლეღვაში ცხოვრობს და ის აპირებს სახალხო დამცველს მიმართოს განცხადებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: