მთავარი,სიახლეები

ბათუმში თვითნებურად შესახლებული 25-მდე ოჯახი წუხელვე გამოვასახლეთ – სამინისტრო

31.12.2020
ბათუმში თვითნებურად შესახლებული 25-მდე ოჯახი წუხელვე გამოვასახლეთ – სამინისტრო

გამოასახლეს 25-მდე ოჯახი, რომლებმაც წუხელ „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შენობა დაიკავეს. შენობა ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს.

როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში გვითხრეს, ოჯახები სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ზოგიერთი მათგანი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ზოგი ოჯახი კი მუნიციპალიტეტებიდანაა.

„სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ქონება დაიკავო. ერთადერთი, ჩვენი ვალდებულება რაც არის და რაც სახელმწიფო პროგრამები გაგვაჩნია მათთან მიმართებაში, ყველანაირად დავეხმარებით და არც ერთი ოჯახის სამართლიანობის პრინციპი არ იქნება დარღვეული“, – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე.

მისი თქმით, ის შეხვდა თითოეულ ოჯახს და პრობლემების ინდივიდუალურ დონეზე შესწავლა შესთავაზა.

„ოჯახების ნაწილი რაიონებიდანაა, ნაწილი ქალაქში, ნაქირავებში ცხოვრობს. სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებია. გუშინ, იმ პირობებში, დეტალური შესწავლა ვერ მოხდებოდა“, – ამბობს ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ამ ოჯახების სოციალური მდგომარეობის შესახებ თუ ჰქონდა მანამდე სამინისტროს ინფორმაცია და ხომ არ მიუმართავთ დასახმარებლად სახელმწიფოსთვის, რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

„რაღაც ნაწილი ქირით ცხოვრობს, მაგრამ მანამდე რომელიმე უწყებისთვის ჰქონდათ თუ არა  მიმართული, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს“, – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ჯინჭარაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფოს კუთვნილი შენობიდან გამოსახლების შემდეგ 25-მდე ოჯახი ისევ ნაქირავებ საცხოვრებლებში დაბრუნდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: