მთავარი,სიახლეები

სახალხო დამცველი შობის ღამეს რელიგიური უმცირესობებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე

27.11.2020
სახალხო დამცველი შობის ღამეს რელიგიური უმცირესობებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე

საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა, სადაც ის რელიგიური უმცირესობების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაზე მიუთითებს მთავრობას.

დამატებითი შეზღუდვა ითვალისწინებს 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვასა. ეს იმას ნიშნავს, რომ  მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც ქრისტეშობას 24-25 დეკემბერს აღნიშნავენ, ღამის საათებში გადაადგილების უფლება შეეზღუდებათ. რაც სახალხო დამცველის განცხადებით, „შესაძლოა არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს“.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა არ გავრცელდება შობის – 6 იანვრის ღამეს, ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ღამის თევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება. რომელიმე რელიგიური გაერთიანებისთვის უპირატესობის დაუსაბუთებლად მინიჭებით, ბუნდოვანი რჩება სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, განიხილოს ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამის თევას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დისკრიმინაციაზე საუბრობენ ის რელიგიური დენომინაციებიც, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ და ღვთისმსახურებას 24 დეკემბრის ღამით იწყებენ.

ამის საპასუხოდ, დღეს, 27 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „მთავრობა ხელს შეუწყობს იმ რელიგიურ კონფესიებსაც, რომელთა დღესასწაულები შეზღუდვების პერიოდს – დეკემბერ-იანვარს ემთხვევა“ და „რომ ეს სისტემა იმუშავებდა იგივენაირად, როგორც გაზაფხულზე“.

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის მარიამ ღავთაძის თქმით კი, გაზაფხულზე „სხვა რელიგიური გაერთიანებები მთავრობისგან პასუხსაც ვერ იღებდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: