მთავარი,სიახლეები

ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ოჯახები, ისინი ღვთის შვილები არიან – რომის პაპი ფრანცისკე

22.10.2020
ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ოჯახები, ისინი ღვთის შვილები არიან – რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე ერთსქესიანთა კავშირის დაკანონების მომხრეა. ამის შესახებ ის რომის კინოფესტივალზე ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს, რომელსაც „ფრანცისკე“ ჰქვია. ფილმი ოსკარზეა ნომინირებული. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

„ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ოჯახები. ისინი ღვთის შვილები არიან და ამის უფლება აქვთ. ამის გამო არავინ უნდა იყოს უბედური. უნდა მივიღოთ კანონი სამოქალაქო კავშირზე, ასე ისინი კანონით იქნებიან დაცულები“, – ამბობს დოკუმენტურ ფილმში რომის პაპი.

როგორც ბრიტანულ გამოცემასთან რომის პაპის ბიოგრაფი, ოსტინ ივერი ამბობს, ეს იყო მისი ყველაზე ნათლად გამოხატული აზრი ლგბტ თემის საკითხებისადმი იმ დროიდან, რაც პაპად ეკურთხა: 2013 წლიდან დღემდე.

იეზუიტი სასულიერო პირი, მარტინ ჯეიმსი  Reuters– სთან ამბობს, რომ პაპ ფრანცისკეს ღია და საჯარო მხარდაჭერა ერთსქესიანთა კავშირისადმი ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს ეკლესიისა და ლგბტ თემის ურთიერთობის საკითხებში, რაც ერთგვარი მინიშნებაა იმ ეპისკოპოსებისა და საეკლესიო მმართველებისთვის, რომლებიც ერთსქესიანთა კავშირების დაკანონების მოწინააღმდეგეები არიან.

კონსერვატორი კათოლიკეები რომის პაპისგან განცხადების განმარტებას ითხოვენ. როდ-აილენდის შტატის, პროვიდენსის ეპისკოპოს ტომას ტობინის განცხადებაში, მაგალითად, ნათქვამია, რომ პაპის განცხადება ერთსქესიანთა კავშირებზე ეკლესიის სწავლებას ღიად ეწინააღმდეგება და „ეკლესია ვერ დაუჭერს მხარს ამორალური კავშირების დაკანონებას“.

დოკუმენტურ ფილმში „ფრანცისკე“ ნაჩვენებია პაპის დამოკიდებულება მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემებისადმი, მისი ურთიერთობა მიგრანტებთან, ლტოლვილებთან და მისი დამოკიდებულება სასულიერო პირების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე, ლგბტ თემის საკითხებზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: