სიახლეები

მათი შრომა ხშირად უხილავია – სოფლად მცხოვრები ქალების დღე

15.10.2020
მათი შრომა ხშირად უხილავია – სოფლად მცხოვრები ქალების დღე

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა. სხვადასხვა კვლევის თანახმად,  საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად  რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს ითავსებენ, ეწევიან სასოფლო-სამეურნეო, საოჯახო, ზრუნვასთან დაკავშირებულ და სათემო საქმიანობებს. მიუხედავად ამისა, ხშირად ქალების შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია.

გაეროს  ქალთა ორგანიზაციის რამდენიმე კვლევის  მიხედვით სოფლად მცხოვრებ ქალებს თითქმის ერთპიროვნულად აწევთ ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა: ბავშვზე ზრუნვა, ოჯახისთვის საკვების მომზადება, სახლის დალაგება და სხვა.

საქართველოში გამოკითხული ქალების 94% ამბობს, რომ, ოჯახში ჩვეულებრივ ან ყოველთვის, სწორედ ის რეცხავს. ამასვე ადასტურებს
კაცების 89%, რომლებიც ამბობენ, რომ სარეცხს, ჩვეულებრივ ან ყოველთვის, მათი პარტნიორები რეცხავენ. ქალები საოჯახო და ზრუნვით საქმიანობაზე კვირაში საშუალოდ 45 საათს ხარჯავენ, ხოლო კაცები – 15 საათს.

ამგვარი საქმიანობა როგორც წესი აუნაზღაურებელი და უხილავია. ამ საქმიანობაშია ჩართული სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა.

ამავდროულად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად სეგრეგირებულია, რაც გულისხმობს, რომ ქალები ასრულებენ საქმეებს, რომლებიც ტრადიციულად მათ ძირითად მოვალეობად მიიჩნევა.

ასე მაგალითად: სოფლად მცხოვრებ ქალებს, ხშირად უწევთ ხელით ისეთი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა: მოსავლის აღება,  გადარჩევა და დახარისხება, მიწათმოქმედების პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კონსერვი, სუნელები, ფქვილი), ფრინველების მოვლა, ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, კვერცხის წარმოება, მეცხოველეობით მიღებული პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კუპატი,კონსერვი, სანთელი და ა.შ.).

სტატისტიკის თანახმად, მარცვლეული კულტურების მიღება-გადამუშავებაში ქალები წელიწადში 84.3 დღეს არიან ჩართულნი, ხოლო კაცები – 98.1 დღეს. მეცხოველეობაში ქალები 259.9 დღე საქმიანობენ, კაცები – 165.8 დღე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ქალები უმეტესად საარსებო სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულნი, რაც გულისხმობს მოსავლის მოყვანას შინამეურნეობის გადარჩენისათვის და ბაზარზე პროდუქციის გატანას – ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ შინამეურნეობებში, გამოკითხულთა უმრავლესობა, 71.1%, ოჯახის უფროსად კაცს მიიჩნევს. ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ ქალები იშვიათად ითხოვენ სამემკვიდრეო უფლებას, რადგან ტრადიციისამებ მიიჩნევა, რომ ის ოჯახის კაც წევრს ეკუთვნის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: