მთავარი,სიახლეები

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნამდე კაცთან 2 პოლიციელი იყო – თვითმხილველი კარანტინიდან

14.08.2020
მეოთხე სართულიდან გადმოვარდნამდე კაცთან 2 პოლიციელი იყო – თვითმხილველი კარანტინიდან

ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

“ბათუმელები” ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც საკარანტინო სივრცეში მომხდარ ამბავს შეესწრო.

„გუშინ ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. „ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით“, – ასეთი ხმები იყო. კი ვიცოდი, რომ კარანტინის გამო ოთახი არ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რაღაც ხდებოდა – ან ხანძარი იყო, ან რამე სიცოცხლისთვის საშიში.

გარეთ რომ გამოვედი, ჰოლში დამხვდა სისხლის წვეთები. გავყევი კვალს და ვიპოვე ბიჭი, რომელიც იყო ერთი სართულით ზევით, მეოთხე სართულზე და ყვიროდა – აქ ვერ გადავრჩები, აუცილებლად გამიყვანეთ აქედანო.

მე ვთხოვე დამშვიდებულიყო. მან მთხოვა დამერეკა პატრულისთვის და დავხმარებოდი.

ამასობაში, სანამ ვამშვიდებდი, ხელში ეკავა სავარძელი, უბრახუნებდა კედელს, არ მომეკაროთო, იძახდა. სანამ ვეხვეწებოდი, სკამი დადე-მეთქი ამ დროს პატრული და კიდევ ერთი კაცი ამოვიდა. ეს კაციც ამ ბიჭთან ერთად იყო ნომერში მოთავსებული. ამ ბიჭს ხელი ჰქონდა დაზიანებული, გაჭრილი. როგორც მითხრა, ხელი მაშინ დაიზიანა, როცა აკავებდა თანამეოთახეს.

პატრულმა მომთხოვა ოთახში დავბრუნებულიყავი, რადგან საკარანტინო სივრცის დატოვების უფლება არ მქონდა. თავიდან არ ვბრუნდებოდი, მაგრამ მერე მეორედ მთხოვეს და დავბრუნდი. ცოტა ხანში რაღაც ხმაური გავიგე. აივანზე გავედი და სხვა კარანტინში მყოფებმა მითხრეს, რომ ვიღაც ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოხტა.

ვერ დავიჯერე, რომ ეს ის ბიჭი იყო, მეოთხე სართულიდან, რადგან სამ ადამიანთან ერთად დავტოვე. მალევე მოვიდა სასწრაფო და კიდევ დამატებით პატრული. საკაცით წაიყვანეს ეს ბიჭი, სულ გასისხლიანებული იყო. როგორც მითხრეს, ეს ბიჭი თურქეთიდან ჩამოსულა და გზაშივე ამბობდა თურმე, კარანტინში ვერ გავძლებო,“ – უყვება „ბათუმელებს“ თვითმხილველი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს იმის გასარკვევად, საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა რატომ ვერ მოახერხა ამ უბედური შემთხვევის აღკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ პასუხს აქვე შემოგთავაზებთ.

შს სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა“.

____

https://batumelebi.netgazeti.ge/news/294803/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: