ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ფესტივალისთვის ახალგაზრდობის ცენტრი 90 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

10.08.2020
ბათუმში ფესტივალისთვის ახალგაზრდობის ცენტრი 90 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

აჭარის განათლების სამინისტროსთან არსებული სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 12 აგვისტოს ბათუმში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენციისა და კულტურული ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. ცენტრმა უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს 90 ათასამდე ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობის მისაღებად.

„ღონისძიების პირველ ნაწილში, კონფერენციაზე, გათვალისწინებულია ახალგაზრდობის სფეროს მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული 5-წლიანი სტრატეგიის განხილვა, რომელსაც დაესწრებიან მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, გაეროს ელჩი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ღონისძიების მეორე ნაწილი ითვალისწინებს რეგიონის მასშტაბით მცხოვრები 14-29 წლის ჩათვლით ახალგაზრდების ჩართულობას გასართობ-შემეცნებით აქტივობებში, რომელიც შემუშავებულ იქნება გაეროს 2020 წლის თემატიკის გათვალისწინებით – ახალგაზრდების ჩართულობა გლობალურ აქტივობებში. ღონისძიება გაიმართება ახალი ბულვარის ტერიტორიაზე [16 ჰექტარზე] არსებულ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მიმდინარე რეგულაციების სრული დაცვით,“ – აღნიშნულია ცენტრის მიერ სააგენტოში გაგზავნილ განაცხადში.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, „დამატებით, ფესტივალის მიმდინარეობისას გათვალისწინებულია ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსების კონცერტი, ახალგაზრდა მეწარმეებისა და სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება, აგრეთვე ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაციის მიზნით მათი შემოქმედების წარმოჩენა.

„საქართველომ COVID-19 შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად, ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მთელი რიგი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კუთხით, რის გამოც ვერ მოხერხდა ღონისძიების „ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე“ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დაწყება დაგეგმილ ვადებში“, – აღნიშნულია ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის განაცხადში.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი 12 აგვისტოს საღამოს 8 საათზე ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარედ დაიწყება.

_____________________________

ფოტო ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: