მთავარი,სიახლეები

რის მოყოლა სურს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს თორნიკე რიჟვაძისთვის

04.08.2020
რის მოყოლა სურს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს თორნიკე რიჟვაძისთვის

დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის მთავრობის წინ ავთანდილ ბოლქვაძემ, აჭარის მთავრობის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, აპარატის რამდენიმე თანამშრომლისა და დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ფოტოები გამოიტანა და განაცხადა, რომ მას აჭარის მთავრობაში დევნიან.

„ძალიან დიდი სურვილი მქონდა ის დაპირისპირება, რაც წლების წინ ამ კედლებში წარმოიშვა, კედლებს გარეთ არ გამოსულიყო, მაგრამ არანაირი გამოსავალი არ დამიტოვეს ჩემმა თანამშრომლებმა და ჩემმა განყოფილების უფროსმა როლანდ შარაშიძემ.

უკვე მესამე წელია არჩილ ჩიქოვანის [მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი] დავალებით, შარაშიძე მიწერს მთელს აპარატში ყველაზე დაბალ შეფასებას, ორიანებს, რომ ვერ მივიღო წლიური ფულადი ჯილდო. ერთადერთი მე ვარ აპარატში, რომელიც ვერ იღებს ფულად ჯილდოს. შარაშიძემ, თუ არ მოგწონს შეფასება დაწერე საჩივარიო, თუმცა ყველა საჩივარი დამიბლოკა არჩილ ჩიქოვანმა და არანაირი რეაგირება არ ყოფილა… ერთი გაფრთხილება მაქვს, ელოდებიან მეორე გაფრთხილებას, რომ გამაგდონ სამსახურიდან“, – ამბობს ავთანდილ ბოლქვაძე.

მისი თქმით, დაბალ შეფასებას უწერენ იმ მიზეზით, რომ სოციალურ ქსელებში პოლიტიკურად აქტიურია:

„მე მაქვს ჩემი პოზიცია და გამოვხატავ მას არა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ჩიქოვანმა გადაწყვიტა ჩემი მოთვინიერება და ეს იყო ხერხი“, – ამბობს ბოლქვაძე.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ამ განცხადების მიზანია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მიაწვდინოს ხმა.

„გადავწყვიტე, ვამხილო ის ხალხი. ამას ვაკეთებ იმისათვის, რომ რამდენი განცხადებაც დავწერე, მთავრობის თავმჯდომარემდე ვერ მივიდა“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტები შეეცადნენ როლანდ შარაშიძისგან მიეღოთ კომენტარი, რომელიც იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, სადაც ბოლქვაძე მუშაობს, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.

ავთანდილ ბოლქვაძე 2011 წლიდან მუშაობს აჭარის მთავრობის აპარატში. იგი გასულ, 2019 წელსაც ღიად უპირისპირდებოდა არჩილ ჩიქოვანს, ამჟამად ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც მაშინ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იყო.

_______________

ამავე თემაზე: 

პოლიტიკური ნიშნით გაუცემელი წლიური ჯილდო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: