მთავარი,სიახლეები

მეუფე საბა ტაძარში მისვლაზე: ღმერთი ყველგან მოვა, სადაც არ უნდა იყოთ

15.04.2020
მეუფე საბა ტაძარში მისვლაზე: ღმერთი ყველგან მოვა, სადაც არ უნდა იყოთ

„…ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ასი აშენებული ტაძარი და ნებისმიერი სხვა მატერიალური რამ, რაც კი არსებობს. სახლში დარჩენით თქვენ უფრთხილდებით თქვენი ოჯახის წევრებს და საკუთარ სიცოცხლეს. სიყვარული გადაგვარჩენს. ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს რწმენაში. მე, მაგალითად, ვერავის შევეჯიბრები…. ღმერთი ყველგან მოვა, სადაც არ უნდა იყოთ და გახარებთ ქრისტეს აღდგომას,“ – აღნიშნა მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ პანდემიის და არსებული საფრთხეების მიუხედავად, ის სააღდგომო ლიტურგიაში არაფერს ცვლის – ეკლესიამ მრევლს მოუწოდა კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძრებში მისვლისკენ. საფრთხეებს არც ხელისუფლება ითვალისწინებს.

„…ჩემი აზრი და მოწოდება ყოველთვის იყოს ის, რომ გავითვალისწინოთ მოწოდება სახლში დარჩენის, მაგრამ ასე არ ხდება და ახლა ისღა დაგვრჩენია, შევთხოვოთ ღმერთს, დაგვიცვას და ნაკლებად გამოგვიყვანოს იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ჩვენი ქვეყანა შესაძლოა აღმოჩნდეს….“ – თქვა მეუფე საბამ. მან აქცენტი გააკეთა სასულიერო პირების პასუხისმგებლობაზეც.

„…პასუხისმგებლობას არც მე გავურბივარ, როგორც წმინდა სინოდის წევრი და ნურავინ ხელებს ნუ დავიბანთ. პასუხისმგებლობა არის ჩვენზეც, რაზეც შევთანხმდით ხელისუფლებასთან… იმის ვაჟკაცობა გვეყოს, რომ პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ… მრევლს, როცა არჩევანის წინაშე ვაყენებთ, ჩვენ არ ვიცით, შედეგები რა იქნება, აღდგომაზე იცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ეკლესიაში,“ – თქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა.

სინოდის წევრმა ისაუბრა იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობაზეც, რომლებმაც თქვეს, რომ ქრისტეს ღალატი იქნება ტაძარში მიუსვლელობა. ეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ ასეთი სასულიერო პირები უპასუხისმგებლოები არიან.

„…იმ სასულიერო პირების მოწოდებას თუ გაეცა პასუხი, რომლებიც მოუწოდებდნენ, რომ ქრისტიანობა არის ვაჟკაცობა და აბა ახლა ვინ დარჩება სახლში და ვინ მოვა აღდგომას ტაძარში, ან ჩვენ 100 ათასი მოწამის ერი ვართ და ახლა ჩნდება, ვუღალატებთ თუ არა ქრისტეს. ჩემო კარგებო, ეს ასე არ არის. დღეს ჩვენ არავინ გვართმევს სარწმუნოებას, არავინ გვართმევს ქრისტეს სიყვარულს, არამედ დღეს ჩვენ ვებრძვით ვირუსს და ამ მეთოდებს გვეუბნებიან მედიკოსები… ასეთი განცხადებები არის უპასუხისმგებლო მრევლის მიმართ,“ – განაცხადა „პირველის“ ეთერში მეუფე საბა ინწკირველმა.

____

პაატა იმნაძე: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ჩვენთან განმეორდება იტალია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: