მთავარი,სიახლეები

რატომ არ აბრუნებენ ლავასოღლის საქართველოში – პროკურატურის პასუხი

17.01.2020
რატომ არ აბრუნებენ ლავასოღლის საქართველოში – პროკურატურის პასუხი

დაუბრუნებს თუ არა მინდია ლავასოღლის თურქეთი საქართველოს, ისევ უცნობია. კანონიერი ქურდობის ბრალდებით მინდია ლავასოღლი 2018 წელს გაასამართლეს, თუმცა განაჩენის  მიღების დროს ის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა. დაახლოებით 15 თვის წინ „ინტერპოლმა“ მინდია ლავასოღლი თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში დააკავა, თუმცა იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ.

„მინდია ლავასოღლის თებერვალში გაათავისუფლებენ, რადგან საექსტრადაციო პატიმრობის ვადა იწურება,“ – ამბობს ლექსო კობაიძე, მინდია ლავასოღლის ადვოკატი.

გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ 2018 წლის 27 ნოემბრიდან, როცა მათ ლავასოღლის ექსტრადაცია ოფიციალურად მოითხოვეს, ამ დრომდე ოფიციალური თურქეთისგან არ მიუღიათ პასუხი ექსტრადაციის თაობაზე. პროკურატურა განმარტავს, რომ მათ ყველა ოფიციალური დოკუმენტი მიაწოდეს თურქეთს და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება თურქეთს არ მოუთხოვია.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თურქულ მხარეს სრულყოფილად წარედგინა ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია ექსტრადიციის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო  ხელშეკრულებებით. დღეის მდგომარეობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას, თურქულ მხარეს ქართველი კოლეგებისგან ასევე არ გამოუთხოვია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით,“ – მოგვწერეს გენერალური პროკურატურის პრესცენტრიდან.

ლექსო კობაიძე, მინდია ლავასოღლის ადვოკატი, ამბობს, რომ საქართველომ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ლავასოღლი ექსტრადაციის წესით საქართველოს უნდა გადმოსცენ.

„საექსტრადაციო სასამართლო თავდაპირველად ტრაბზონში გაიმართა და ლავასოღლი გაუშვეს, თუმცა იმავე დღეს უკან შეაბრუნეს… ახლა უკვე მის საქმეს სტამბოლის სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ თებერვალში ვადა იწურება, უნდა გაუშვან,“ – განმარტავს ადვოკატი.

რა კითხვები აქვს თურქეთის სასამართლოს საქართველოში გამოტანილი მიღებული განაჩენების მიმართ? – ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, რომ მას ამ დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს და სტამბოლში სასამართლო პროცესებს მისი თურქი კოლეგები ესწრებიან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ თურქეთის საკონსულოს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ლავასოღლის ექსტრადაცია თურქეთის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების გადასაწყვეტი საკითხია და მათ ინფორმაცია არ აქვთ.

ლავასოღლის ექსტრადაციაზე წერს თურქული მედიაც. მედიის ცნობით, დაპატიმრებული ლავასოღლის საქართველოში დაბრუნებას თავად საქართველოს ხელისუფლება არიდებს თავს.

ადვოკატის თქმით, მინდია ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით ლავასოღლის ახლობლებმა საპროტესტო აქცია ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან რამდენჯერმე გამართეს.

ამ თემაზე:

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: