სიახლეები

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს – შსს

15.09.2019
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის მარტიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ა.ხ. ბათუმში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გაახსნევინა ანგარიშები, თითოეულ ანგარიშზე გაააქტიურებინა ინტერნეტბანკი და გამოართვა საბანკო და სხვა პერსონალური მონაცემები. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ მათი გამოყენებით აიღო ონლაინსესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას – ჯამში, 56 345 ლარს და მიიმალა. 2019 წლის მარტში ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, რის შემდეგაც იგი ქვეყნის მასშტაბით იძებნებოდა,“ – აცხადებს შსს.

გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: