ბათუმი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

19.07.2019
ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

პირველად თავისი ისტორიის მანძილზე, სსიპ ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება.

18 ივლისს, სსიპ ბათუმის ბულვარმა განაშენიანების გეგმის შემუშავებისთვის კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდა.

განაშენიანების გეგმა მოიცავს ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავებას, ასევე ძველი ბულვარის კონსერვაციას, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებასა და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ბულვარის კულტურული მემკვიდრეობითი ღირებულებების დაცვასა და გაძლიერებას.

ტექნიკური დავალების დოკუმენტის მიხედვით, პროექტის მთავარი მიზანია შემუშავდეს ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციისა და განაშენიანების გეგმა მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით და ხაზგასმით. უნდა შეიქმნას ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებელთა ყველა ჯგუფისათვის – ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, კომფორტული და უსაფრთხო რეკრეაციული გარემო შესაბამისი ფუნქციებითა და ზონებით.

პროექტი მოიცავს სამ ნაწილს: კვლევით ნაწილს, განაშენიანების გეგმას და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინების)  ნაწილს.

ელექტრონულ კონკურსში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დაიწყება და  19 აგვისტოს დასრულდება.

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ჩართული იყო არასამთავრობო და სამთავრობო უწყებებისა და დარგის საუკეთესო სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია. კონკურსის დასრულების შემდგომ საპროექტო დოკუმენტაციას ასევე დარგის სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული მიმღები კომისია ჩაიბარებს.

ინფორმაცია ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=311856&lang=ge

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: