მთავარი,სიახლეები

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

28.06.2019
რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, პროკურატურის მოთხოვნით გაათავისუფლეს. თავდაპირველად ბრალდებულ გიორგი ტ.-სთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ ითხოვა. რამდენიმე დღეში მოსამართლესთან საკუთარი ინიციატივით ისევ პროკურორმა იშუამდგომლა და იგივე გიორგი ტ.-ს გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა. გიორგი ტ. პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი – სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა, მათ შორის ერთი, გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. ვერ დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელმაც, ასევე გამოძიების ვერსიით, ორი ადამიანი დაჭრა დანით. მას ამ დრომდე ეძებენ.

„რესპუბლიკურში დაჭრის საქმეზე“ 4 პირი გამოძიებამ ხულიგნობის მუხლით დააკავა. არც ერთ მათგანს იარაღი არ ჰქონია და ხელით იჩხუბა. მათი საქმის სასამართლო განხილვა ამ დრომდე გრძელდება.

დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს უნდა მოესმინა ამ საქმის მოწმეებისთვის, თუმცა სასამართლო განხილვა გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი პენიტენციური სამსახური გახდა, რომელმაც „რესპუბლიკურში დაჭრის საქმეზე“ ხულიგნობის მუხლით დაკავებულების სასამართლოში წარმოდგენა ვერ შეძლო. ადვოკატების თქმით, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამ ეტაპზე არც საპროცესო შეთანხმებაა მიღწეული. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ამ ოთხ ადამიანს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

რაც შეეხება ამ საქმეზე დაკავებულ გიორგი ტ-ს – მას პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე წაუყენეს ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენას-შენახვას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგი ტ.-ს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„გიორგი ტ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა გამოყენებისათვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღს, რომელსაც 2019 წლის 2 მარტს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქ. ბათუმში, შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე, რაც შემდგომში პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული…“ – აღნიშნულია საქმის მასალებში.

მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის მიუხედავად, ხულიგნობაში ბრალდებული პირები პატიმრობაში დატოვეს, იარაღის უკანონო ტარებაში ბრალდებული პირი კი გარეთაა.

რატომ გაუშვეს ბრალდებული გიორგი ტ. პატიმრობიდან? – ადვოკატებს და ხულიგნობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ. ადვოკატ ზვიად მარკოიძის თქმით, ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ კი გვითხრა, რომ ამავე საქმეზე ბრალდებული გიორგი ტ.-ს შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კომენტარზე უარი გვითხრა ადვოკატმა თეონა გვაზავამაც. ის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ტ.-ს ინტერესებს იცავს.

რამდენად სამართლიანია, როცა პროკურატურა ერთ კონკრეტულ საქმეზე დაკავებული პირისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს, რამდენიმე დღეში კი მის გათავისუფლებას? რატომ არ მოითხოვა პროკურორმა ამ საქმის კიდევ 4 ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება?

„გიორგი ტ.-მ გამოძიების ეტაპზე ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა ჩადენილი დანაშაული, მიაწოდა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტზე, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე,“ – მოგვწერეს პროკურატურის პრესცენტრიდან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: